ბრიტანულმა გამოცემა Sunday Times-მა ყოველწლიური ”Rich List” გამოაქვეყნა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ და ბიზნესის მქონე ყველაზე მდიდარ ადამიანებს ავლენს. გამოცემის ინფორმაციით, Gucci-ისა და Balenciaga-ს მფლობელი კომპანიის, Kering -ის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანსუა ანრი პინოს და მისი მეუღლის, სალმა ჰაიეკის ქონება 1.9 მილიარდი ფუნტით შემცირდა და ახლა 6.14 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
Gucci-ში კრეატიული დირექტორის ცვლილებამ Kering -ის გარშემო არასტაბილურობის განცდა გააღრმავა, რაც აისახა გაყიდვებზე. ცოტა ხნის წინ, კონგლომერატის ფინანსური რეპორტიდან ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში, დიდწილად სწორედ გუჩის გაყიდვების კლებამ განაპირობა Kering -ის შემოსავლის თითქმის 40%-ით შემცირება.
ყურადღებას იმსახურებს მოდის კიდევ ერთი გავლენიანი წყვილი. დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქონება 30 მილიონი ფუნტით გაიზარდა. მას მერე, რაც დევიდ ბექჰემის თანამფლობელობაში არსებულმა კლუბმა, Inter Miami-იმ ლიონელ მესისთან გააფორმა კონტრაქტი, კლუბის ღირებულება მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. როგორც Inter Miami-ის, აგრეთვე ბექჰემების სხვა პირადი ბრენდების წარმატებამ კი, წყვილის ქონება ჯამში 455 მილიონ ფუნტამდე გაზარდა.