წლების განმავლობაში სტივენ მეიზელს Zara-ს არაერთი კამპანია აქვს გადაღებული. ამჯერად, მოდის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა მასმარკეტის ლიდერ ბრენდთან კოლექციის შესაქმნელად ითანამშრომლა.

ქალისა და მამაკაცის კოლექცია, სახელწოდებით “Zara x Steven Meisel New York” მეიზელის პერსონალური სტილით არის შთაგონებული და მოიცავს: ჯინსებს, პარკა ქურთუკებს, ჰუდებს, მაისურებს, ჩექმებს, ქუდებსა და ბენდენებს. პროდუქტების ფასები 28-დან 439 დოლარამდე მერყეობს. მათი შეძენა 18 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება Zara-ს ვებგვერდზე და შერჩეულ მაღაზიებში. კოლექცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება 9-დან 13 სექტემბრამდე ნიუ-იორკში, Howard Street-ზე მოწყობილ ფოფ-აფში.

© Steven Meisel / Zara

კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის, მეიზელმა თავისი არაერთი ფავორიტი მოდელი გადაიღო, მათ შორის: ლინდა ევანჯელისტა, ემვერ ვალეტა, ჯიჯი ჰადიდი და სხვები. 26 შავ-თეთრი პორტრეტი ნათლად წარმოაჩენს ფოტოგრაფის სტილის მახასიათებლებს. “ამ კოლექციაში ყველაფერი სტივენთან არის დაკავშირებული,” – განუცხადა ლინდა ევანჯელისტამ Vogue-ს. “ბენდენებით დაწყებული, ჯინსებითა და ჩექმებით დამთავრებული. კლასიკური, მარტივი და მოხდენილია – სტივენს განასახიერებს.”

© Steven Meisel / Zara

პარასკევს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, კოლაბორაციის აღსანიშნავად სპეციალური ღონისძიებაც მოეწყო. მართალია მეიზელი საკუთარ წვეულებაზე არ გამოცხადდა, თუმცა საღამოზე მოდის ინდუსტრიის სხვა არაერთმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ტოპ მოდელები: ლინდა ევანჯელისტა, კარენ ელსონი, კაია გერბერი, კოკო როშა, კაროლინა კურკოვა, ლია კებედე და სხვები.

კოკო როშა & ლია კებედე © Matteo Prandoni/BFA.com/Vogue

ნოემბერში Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ის თავმჯდომარის, მარტა ორტეგა პერეზის, პირადი მხარდაჭერით ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში გამოფენა, სახელწოდებით “1993 წელი ფოტოსურათებზე” მოეწყო. მასზე 1993 წელს მეიზელის გადაღებული 100-ზე მეტი კადრი იყო წარმოდგენლი, რომლებზეც ისეთი ცნობილი და საკულტო ფიგურები იყვნენ აღბეჭდილები, როგორებიც არიან: ტვიგი, იზაბელა ბლოუ, სტელა ტენანტი, ბარბრა სტრეიზანდი, ნაომი ქემბელი და ა.შ. “მეიზელი უდიდესი ნიჭის პატრონია, რომლის ამოუწურავმა კრეატიულობამაც ის თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ, დამაინტრიგებელ ფოტოგრაფად აქცია,” – აღნიშნული იყო პერეზის განცხადებაში.