ნაწილობრიც LVMH-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდი, Stella McCartney დაღმასვლას განაგრძნობს. კომპანიაში კრიზისის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ახალ ანგარიშში, რომელიც ბრენდმა წარადგინა, ციფრები იმაზე ცუდად გამოიყურება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
2018 წელს, ფინანსური პრობლემების გამო სტელამ ბრენდი ყოფილი მფლობელი კომპანიისგან, Kering-ისგან გამოისყიდა და 2019 წელს წილი LVMH-ს მიჰყიდა. ამას მოჰყვა 2020 წლის დასაწყისში ბავშვის სამოსის იტალიური ჯგუფისთვის, Simonetta Spa-სთვის ლიცენზირება და სტრატეგიის შეცვლა, რომელიც ონლაინ აქტივობების გააქტიურებას მოიცავდა.
ყველაფრის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ ეს ნაბიჯები შეანელა და ბრენდი სტაგნაციას განაგრძობდა. ახლა ცნობილი ხდება, რომ მხოლოდ 2021 წელს, ბრენდმა $40 მილიონიანი დანაკარგი განიცადა.
ბრიტანული Companies House-ის მონაცემებით, მაკარტნის ბრენდი ყოველწლიურად 7%-იანი დანაკარგით იხურება, რაც მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებითა და დაბალი გაყიდვებითაა განპირობებული. ამას ემატება რეკონსტრუქციის ხარჯები და სამართლებრივი დავები. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ბრენდს ნიუ-იორკის მაღაზიის ქირის გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივლეს.
ამ მომენტისთვის, ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.