სტეფანო პილატის Fendi-სთან შესაძლო კოლაბორაციის  შესახებ ხმები პირველად სექტემბერში გავრცელდა, გუშინ კი მისი თანამონაწილეობით შექმნილი კოლექციაც გამოქვეყნდა და ამით ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. პილატი დონატელა ვერსაჩეს და მარკ ჯეიკობსის შემდეგ მომდევნო დიზაინერია, რომელსაც იტალიური მოდის კრეატიულმა დირექტორმა კიმ ჯონსმა თანამშრომლობა შესთავაზა.

“სტეფანო ერთ-ერთია იმ დიზაინერებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვნებს,” – განაცხადა ჯონსმა. “ყოველთვის მხიბლავდა მისი შემოქმედება და ის არის ადამიანი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ის ჩემს საქმეში შთამაგონებს.”

პილატის თქმით, როგორც იტალიელი, მუდმივად ამაყობდა 5 ქალის მიერ დაარსებული ამ მოდის სახლით. “ძალიან მადლიერი ვარ კიმის, სილვიას [ვენტურინი ფენდი] და Fendi-ს, რომ საშუალება მომცეს საკუთარი თავი გამომეხატა. გულწრფელი ვარ იმაში, რაც ჩემი მხრიდან არის შემოთავაზებული და ამპარტავნად არ მაქცევს ის, რასაც ვაკეთებ,” – აღნიშნა მან.

ქალისა და მამაკაცის კოლექცია გაყიდვაში 26 ოქტომბრიდან გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც Fendi-ს ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ.

© Johnny Dufort / Fendi

პილატი 2004-დან 2012 წლამდე Saint Laurent-ში კრეატიული დირექტორის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით ის Zegna-ს გუნდს შეუერთდა, რომელიც 2016 წელს დატოვა, 2018 წელს კი ასპარეზზე საკუთარი ბრენდით წარსდგა. Random Identities-მა სახელი გაითქვა, როგორც გენდერ-ნეიტრალურმა ბრენდმა, რომლის ინსპირაციაც ბერლინის გეი და კლუბური კულტურიდან მომდინარეობს. თავისი კარიერის ადრეულ წლებში, პილატი სხვადასხვა პოზიციებზე არაერთ იტალიურ მოდის სახლში მუშაობდა, მათ შორის: Miu Miu-ში, Prada-სა და Giorgio Armani-ში. ივნისში ის მოდელის ამპლუაშიც ვიხილეთ, როდესაც ფარელის Louis Vuitton-ისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

კოლაბორაციებით სახელმგნთქმული ჯონსი, რომელიც 2018 წლამდე Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორი იყო, Fendi-ს ოტ კურიურ, ქალის ready-to-wear და ბეწვეულის კოლექციებზე 2020 წლიდან გახდა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ის შემოქმედებითად ხელმძღვანელობს Dior-ის კაცის ხაზსაც. Fendi-სთვის მან თავისი ახალი ready-to-wear კოლექცია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში სექტემბერში წარადგინა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, ეს შესაძლოა იტალიური მოდის სახლისთვის მისი ბოლო ჩვენება იყო, თუმცა ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მიერ ჯერ არ დადასტურებულა.

კატალოგის სრულად ნახვას შეძლებთ აქ