Ann Demeulemeester-მა კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ლუდოვიკ დე სენ სერნენის შემცვლელად სტეფანო გალიჩი დაასახელა. ახალგაზრდა დიზაინერი ბელგიური ბრენდისთვის თავის პირველ კოლექციას 30 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს.
სანამ ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, სტეფანო Ann Demeulemeester-ში მამაკაცის სამოსის ხაზზე იყო პასუხისმგებელი. 1996 წელს დაბადებულმა და ვენეციის Università Iuav di Venezia-ს კურსდამთავრებულმა დიზაინერმა კარიერა ანტვერპენში, ბელგიაში დაიწყო. ის ჰაიდერ აკერმანის ასისტენტად მუშაობდა, 2019 წლის იანვარში კი კლაუდიო ანტონიოლის დაარსებულ Antonioli Group-ს შეუერთდა, რომელმაც მომდევნო წელს Ann Demeulemeester შეისყიდა.
“სტეფანომ მომენტალურად გამოავლინა ძლიერი შემოქმედებითობა და მკაფიო ხედვა Ann Demeulemeester-სთვის,” – განაცხადა ანტონიოლიმ. “ის ბრენდის დეენემს მომავალზე დაკვირვებით წარმოაჩენს.”
ლუდოვიკ დე სენ სერნენის ბრენდიდან წასვლის შესახებ ცნობილი დაახლოებით ორი კვირის წინ გახდა. მან კრეატიული დირექტორის პოსტი მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ დატოვა. როდესაც ლუდოვიკი გასული წლის დეკემბერში ბრენდს შეუერთდა, კომპანიაში ჰქონდათ მოლოდინი, რომ დიზაინერის არტისტული შეგრძნება – მისი ხელწერად ქცეული სენსუალურობა, გენდერული ნეიტრალურობა და გამოკვეთილი სილუეტები Ann Demeulemeester-ის ახალ კურსს განსაზღვრავდა. მოულოდნელ სიახლესთან დაკავშირებით გავლენიანი მოდური გამოცემა Business of Fashion წყაროებზე დაყრდნობით ლუდოვიკის Ann Demeulemeester-ში ყოფნის ხანმოკლე პერიოდში 32 წლის დიზაინერსა და ბელგიური ბრენდის მენეჯმენტს შორის განსხვავებების წარმოშობის შესახებ წერდა.