Loewe-ს მოდის სახლისა და სტუდია გიბლის კოლაბორაცია გრძელდება. “ჩემი მეზობელი ტოტოროს” შემდეგ, ლეგენდარული ანიმე – “მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” გახდა ახალი კაფსულა კოლექციის მთავარი თემა.

იაპონელი რეჟისორისა და ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის, ოსკაროსანი ნამუშევარი საზოგადოებამ პირველად 2001 წელს იხილა და მას შემდეგ მილიონობით ადამიანის გული მოიგო. მისი გამოსვლიდან ორი ათწლეულის შემდეგ, Loewe-ს კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი საკულტო ანიმაციის გმირების გამოსახულებით ჩანთებს, სვიტერებს, შარვლებს, მაისურებს, საბნებს და სხვადასხვა აქსესუარებს გვთავაზობს. მათ შესაქმნელად გამოყენებულია იაპონური კერვის ტექნიკა – “ბორო.”

“სტუდია გიბლის ამბის თხრობის დახვეწილი უნარი განპირობებულია მათი მომხიბლავი ფილმების გასაცოცხლებად გამოჩენილი დაუღალავი ოსტატობით,” – აღნიშნულია ანდერსონის განცხადებაში. “ასეთი სიყვარული ხელობის მიმართ – და ხელით გაწეული სამუშაოს გულმოდგინე ბუნებისადმი – არის რაღაც, რასაც Loewe-ში ნამდვილად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენი კავშირიც ხელით შესრულებული სამუშაოს მაგიის მიმართ დამოკიდებულებაშია.”

დიზაინერის თქმით, მისთვის “მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” სტუდია გიბლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. “ეს ფილმი გასაჭირის წინაშე აღმოჩენილი ერთგულების, მეგობრობისა და შეუპოვრობისადმი მიძღვნილი ოდაა. ის მაგიურია,” – ამბობს ჯონათანი.

Loewe x Spirited Away კოლექციის შეძენა 7 იანვრიდან შესაძლებელი იქნება Loewe-ს ოფიციალურ ვებსაიტზე.