2024 წლის Met Gala-მდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება – ღონისძიება ექვს მაისს, ნიუ-იორკში გაიმართება. სანამ მოდის ინდუსტრია მოლოდინის რეჟიმშია, გადავხედოთ ღონისძიების ხანგრძლივი ისტორიაში მომხდარ საკამათო, სკანდალურ მომენტებს, რომლების ნაკლებობასაც Met Gala ნამდვილად არ განიცდის.
სოლანჟ ნოულსისა და Jay-Z-ს ჩხუბი ლიფტში
2014 წლის Met Gala-ს შემდეგ, ინტერნეტი აფეთქდა, თუმცა საუბარი წითელ ხალიჩას სულაც არ ეხებოდა. საუბრის თემა ლიფტში დატრიალებულ მოვლენებს ეხებოდა, კერძოდ ბიონსეს დასა და Jay-Z-ს შორის მომხდარ ინციდენტს. TMZ-მ ლიფტის ვიდეოკამერის ჩანაწერი მალევე მოიპოვა და გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უყვირის და ურტყამს სოლანჟი Jay-Z-ს, მაშინ, როდესაც ბიონსე ფაქტობრივად, ჩუმადაა და საერთოდ არ ერევა სიტუაციაში. ფანები სპეკულირებდნენ, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოლანჟმა Jay-Z-ს მორიგი ღალატის შესახებ შეიტყო, თუმცა, ოფიციალურად არავის არაფერი დაუდასტურებია.
როდესაც სელებრითებმა მუზეუმის საპირფარეშოში მოწიეს
2017 წლის Met Gala-ს ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში თავად ვარსკვლავებმა გამოაქვეყნეს, აღბეჭდილია, თუ როგორ ეწევიან სიგარეტს მოდელები და მსახიობები, მათ შორის ბელა ჰადიდი და დაკოტა ჯონსონი. ინციდენტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა თავხედური და არაეთიკური უწოდეს. ამის შემდეგ, მუზეუმს ოფიციალური განცხადების გავრცელება მოუწია, რომელშიც საზოგადოება დაარწმუნეს, რომ მომავალში ყველა შესაძლებელ ბერკეტს გამოიყენებენ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. შემთხვევას შეერთებული შტატების ჯანდაცვის კომისიის თავჯმდომარე, დოქტორი მერი ბესეტიც კი გამოეხმაურა.
როდესაც დემი ლოვატომ საღამო “გაუსაძლისი მდგომარეობის გამო” ადრე დატოვა
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დემი ლოვატო 2016 წელს პირველად (და უკანასკნელად) მოხვდა Met Gala-ზე, სადაც ის ჯერემი სკოტმა და Moschino-მ მიიწვიეს. მეორე ვარსკვლავი, რომელიც ბრენდმა მიიწვია ამერიკელი რეპერი ნიკი მინაჟი გახლდათ. ლოვატომ საღამო ადრე დატოვა, თუმცა მიზეზი ფანებმა მოგვიანებით ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ შეიტყვეს, რომელშიც დემიმ აღნიშნა, “ერთ-ერთი სელებრითი იმდენად ცუდად მექცეოდა, რომ მის გარშემო ყოფნა უბრალოდ გაუსაძლისი გახდა. მსურდა ალკოჰოლის მიღება და ამ მომენტში მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი.” მიუხედავად იმისა, რომ დემის სახელი არ უხსენებია, ინტერნეტ-მომხმარებლების სპეკულაციით, ეს ადამიანი ნიკი მინაჟია.
როდესაც თინა ფეიმ Met Gala-ს “იდიოტების აღლუმი” უწოდა
ამერიკელი მსახიობი და კომედიანტი თინა ფეი Met Gala-ზე პირველად 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ იგი ღონისძიებაზე აღარ მისულა. მოგვიანებით, 2015 წელს ,დევიდ ლეტერმანთან ჩაწერილ ინტერვიუში ფეიმ საღამოს საშინელ გამოცდილებაზე ისაუბრა და გალას “იდიოტების/თავხედების აღლუმი” უწოდა. “ყველა თავხედი ადამიანი იქ იყრის თავს და წარმოუდგენლად სასაცილო კოსტიუმები აცვიათ,” აღნიშნა მან, “მსურდა ყველასთვის სახეში გამერტყა.”
როდესაც წითელ ხალიჩაზე უცნობი მამაკაცი ბიკინიში გამოჩნდა
მიუხედავად იმისა, რომ Met Gala-ს დაცვის პრობლემები, როგორც წესი, არ აქვს, 2014 წლის ღონისძიების მსვლელობისას წითელ ხალიჩაზე უცნობმა მამაკაცმა შეაღწია, რომელსაც თავდაპირველად სმოკინგი ეცვა, თუმცა მან კოსტიუმი მალევე “გაიხადა” და პაპარაცების წინაშე ვარდისფერი ბიკინის ამარა წარსდგა. მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს.
როდესაც AOC წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა “Tax the Rich” კაბით
2021 წლის Met Gala-ს თემა ამერიკა და ამერიკული მოდა იყო, რომელზეც კონგრესვუმენი ალექსანდრა ოკასიო კორტეზი თეთრ კაბაში გამოჩნდა, წარწერით Tax the Rich. გარდა იმისა, რომ ამერიკის კონსერვატიულ/რესპუბლიკურ საზოგადოებაში აღნიშნულმა კაბამ ნეგატიური გამოხმაურება მოიპოვა, 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ კორტეზის წინააღმდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება აღძრა. მიზეზად ასახელებენ ფაქტს, რომ კონგრესის წევრებს არ აქვთ უფლება მიიღონ საჩუქრები (ამ შემთხვევაში კაბა), რადგან ეს აღიქმება, როგორც ქრთამი. ჯერ-ჯერობით გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის.
როდესაც კიმ კარდაშიანი წითელ ხალიჩაზე მერლინ მონროს კაბით გამოჩნდა
2022 წლის Met Gala-ზე კიმმა კვლავ დაგვიმტკიცა საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრო გასაქანი – როდესაც ყველას გვეგონა, რომ შეუძლებელია მან კიდევ უფრო მეტად შეაძულოს ხალხს თავი, კიმმა ეს შეძლო. მიზეზი მისი კაბა გახდა, რომლითაც სელებრითი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა – მერლინ მონროს ცნობილი კაბა, რომელშიც ლეგენდარულმა მსახიობმა “Happy Birthday Mr President” შეასრულა. გარდა იმისა, რომ ინტერნეტში საუბარი არ წყდებოდა კაბის დაზიანების შესახებ, კიმის კრიტიკა წონაში კლების გზებმაც გამოიწვია, რომელსაც მან მიმართა. როგორც ცნობილი გახდა, კიმს უმოკლეს დროში წონის დაკლება მოუწია (კაბის გამო), რაც, სპეკულაციებს თუ დავუჯერებთ, საკამათო მედიკამენტ ოზემპიკის დახმარებით შეძლო. შეგახსენებთ, რომ ოზემპიკი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტია, რომელსაც ხშირად ჰოლივუდშიც წონის კლების მიზნით გამოიყენებენ.