შონ მაკგირი Alexander McQueen-ის კრეატიულ დირექტორად გასული წლის ოქტომბერში დასახელდა. ბრიტანული მოდის სახლისთვის შექმნილი მისი სადებიუტო, 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მიმდინარე წლის დასაწყისში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩვენებამდე ცოტახნით ადრე გამოქვეყნდა კამპანია, რომელიც საზოგადოებას პირველ შთაბეჭდილებას უქმნიდა თუ როგორი იქნებოდა შონის ხედვა ლი ალექსანდრ მაკქუინის დაარსებული ბრენდისთვის. კადრებზე ახალგაზრდა დიზაინერის ნამუშევრებს სახელგანთქმული მოდელები დებრა შოუ და ფრენკი რაიდერი წარმოაჩენდნენ.
დღეს შონის კრეატიული დირექტორობით Alexander McQueen-ისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ოფიციალური კამპანია გავრცელდა.


კამპანია ლონდონს ეხმიანება, ადგილს, სადაც ეს ბრენდი დაარსდა. ამასთანავე, ქალაქის ახალგაზრდულ, პანკურ დამოკიდებულებას გამოხატავს და ლონდონის ერთმანეთისგან განსხვავებული ახალგაზრდებით არის შთაგონებული.


“მაკქუინი ლონდონში დაბადებული ბრენდია და ყოველთვის განასახიერებდა ლონდონის იმ იდეას, რომელთანაც ღრმა კავშირს ვგრძნობ,” – განაცხადა შონმა. “ამ ქალაქს ინსტიქტურობა ახასიათებს, რაც იმ ეკლექტიკური პერსონაჟების დამსახურებაა, რომლებსაც აქ ნახავთ.”
ფოტოები გლენ ლუჩფორდმა ლონდონის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიღო.


შონის Alexander McQueen-ის კრეატიულ დირექტორად დანიშვნას მოჰყვა ბრენდის ლოგოს ცვლილებაც. 30 წელზე მეტი ხნის წინ, ლი ალექსანდრ მაკქუინის მიერ შემუშავებული ლოგო განახლდა და ახალი ვერსიაში ასო “C” “Q”-ს შიგნით არის გამოსახული.