ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი, ქრისტოფერ კეინი საკუთარ ბრენდს ყიდის, ამას კომპანიის წარმომადგენლები WWD-სთან ადასტურებენ. “რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა ეს ბრენდისთვის დროულია,” აცხადებს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამავე კომენტარში აღნიშნულია, რომ ბრენდი ან გაყიდვას ან დახურვას განიხილავს, “Christopher Kane Ltd. ამ მომენტისთვის ეძებს ინვესტორს, რომელიც შეისყიდის კომპანიას და დაფარავს არსებულ ვალდებულებებს”.
საკუთარი სახელობის ბრენდი დიზაინერმა 17 წლის წინ დააარსა და მას შემდეგ დრამატული სილუეტებითა და უჩვეულო პრინტებით, ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელად იქცა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ბრენდი ფრანგულმა კონგლომერატმა, კერინგმა შეისყიდა, თუმცა სულ რაღაც 5 წლის შემდეგ ბრენდი კეინმა კვლავ გამოისყიდა.
ბრენდში კრიზისი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყო, რასაც მოჰყვა მაუნთ სთრითზე მდებარე ფლაგმანური მაღაზიის დახურვა, ხოლო ახლა, ბრენდის სრულად გაყიდვის გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული ბრენდის შესყიდვით.