ერთ დროს ყველასთვის სასურველ საცვლების ბრენდში გრძელვადიანი ცვლილებები გრძელდება. Victoria’s Secret-ის შოუები 2000-იან წლებში, მოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ხოლო მათი ანგელოზები პოდიუმებსა თუ კამპანიებში – აბსოლუტურად ყველგან დომინირებდნენ. მიუხედავად ამისა, შეგახსენებთ, რომ Body Positivity-სა და Me Too-ს ერაში, Victoria’s Secret-ის დიდება უდიდესი კრახით დასრულდა. ამას მოჰყვა რებრენდინგი, შოუები გაუქმდა და ანგელოზების ეპოქაც დასრულდა.
ცვლილებებისა და რებრენდინგის გაგრძელება ბრენდის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. უახლესი ცვლილება ცოტა ხნის წინ WWD-მ გაავრცელა: ემი ჰაუკი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ტოვებს, ხოლო მის საქმიანობას მარტინ უოთერსი გააგრძელებს. ემი აღმასრულებელი დირექტორი 2022 წლის ივლისიდან იყო. უოთერსის განცხადებით, ემიმ ეს გადაწყვეტილება ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად მიიღო.
უოთერსმა WWD-სთან კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის გაყიდვების გაზრდის სტრატეგიაზე, შესაძლო კოლაბორაციებზე/შესყიდვებზე და VSFS-ს შესაძლო დაბრუნებაზე. “ჩვენ გრძელვადიანი ცვლილებების საწყის ფაზაში ვართ, ეს ჩვენი ვარაუდით 5 წელს გასტანს, ხოლო ჯერ სულ რაღაც ორი წელია, რაც ცვლილებებზე მუშაობა დავიწყეთ.” განაცხადა უოთერსმა.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის პირველ ნახევარში,Victoria’s Secret-მა კალიფორნიული ბრენდის, Frankie Bikinis-ის შესყიდვა კრიზისის პერიოდში გადაწყვიტა, ბუნებრივია, პრესა დაინტერესდა, აპირებენ ბრენდში თუ არა, კვლავ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას, რაზეც უოთერსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ხანდახან სხვა ბრენდების შესყიდვა ლოგიკურია; მათ მოჰყავთ სხვა სეგმენტის მომხმარებლები, რომლებიც სხვაგვარად ჩვენი მომხმარებლები ვერ გახდებოდნენ. სტრატეგიული ინვესტირების განხორციელება კრიზისის პერიოდში უფრო ლოგიკურია.”
უოთერსმა მოკლე კომენტარი შოუების შესახებაც გააკეთა და მათ “უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული ბერკეტი” უწოდა. “ბრენდი აუცილებლად დააბრუნებს Victoria’s Secret-ის შოუებს, თუმცა ეს ძველი ფორმატით ნამდვილად არ იქნება. ბევრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ჩვენ ამას ქალებისა და ქალურობის აღსანიშნავად გავაკეთებთ.”
ჯერ-ჯერობით ბრენდში ცვლილებებს შემოსავლის მატება არ მოაქვს, როგორც ცნობილი გახდა, 2022 წელს ბრენდის ღირებულება კიდევ 17.5%-ით დაეცა.