And just like that… HBO Max-მა Sex and the City-ის დამატებითი ეპიზოდების გამოშვება დაანონსა.

სიახლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ თვეს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა. ცნობილი გახდა დამატებითი დეტალებიც.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ახალ ეპიზოდებში ვერ ვიხილავთ სამანტა ჯონსის გმირს, რადგან მისმა შემსრულებელმა კიმ კეტრალმა შოუში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. SATC-ის ახალი სერიების აღმასრულებელი პროდიუსერი კვლავ მაიკლ პატრიკ კინგი იქნება, რომელიც სარა ჯესიკა პარკეთან, სინტია ნიქსონთან და კრისტინ დევისთან ერთად იმუშავებს. წარმოების დაწყება ნიუ-იორკში გაზაფხულზე იგეგმება.

შოუს სახელწოდება, რომელში მოქმედებაც, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში მიმდინარეობს, „And Just Like That“ იქნება. მას უკვე ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიშიც მიეძღვნა, სადაც პირველი თიზერი ქვეყნდება.

ის 10 ეპიზოდს მოიცავს და წარმოაჩენს თუ როგორ განვითარდა ქერი ბრედშოუს, მირანდა ჰობსისა და შარლოტ იორკის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ისინი უკანასკნელად ვიხილეთ. ასევე როგორია ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალბატონების ცხოვრება ნიუ-იორკში და როგორ უმკლავდებიან თანამედროვეობის გამოწვევებს. „მინდა ვნახო სად არიან ისინი,“ – ამბობს სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი, სარა ჯესიკა პარკერი. „ძალიან მინდა ამის გაგება, მსოფლიო შეიცვალა იმის შემდეგაც, რაც ფილმი გამოვიდა.“