ირანელი წარმოშობის ჰოლანდიელი მომღერალი, სევდალიზა ირის ვან ჰერპენის გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე გამოვიდა. კოლექციის სახელწოდებაა “Roots of Rebirth”. ჩვენებისთვის დიზაინერმა სევდალიზას სენსუალური, ჰიპნოტური სიმღერა “Bluecid” შეარჩია. სევდალიზა და ირისი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ, საერთო მეგობრების მეშვეობით შეხვდნენ. ორივე არტისტი ცნობილია ექსპერიმენტული მიდგომით ხელოვნების მიმართ. სევდალიზას მუსიკა და კლიპები ხშირად სურეალისტური და ზოგჯერ დისტოპიურია, ისევე როგორც ირის ვან ჰერპენის ქმნილებები. ირისი ცნობილია კინეტიკური სკულპტურების ავტორებთან კოლაბორაციებითა და, რა თქმა უნდა, 3D პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებით.

Vogue

სევდალიზა აქამდე Y/Project-ის ჩვენებაზეც ვიხილეთ, ასევე მას ჰქონდა კოლაბორაცია ახალგაზრდა ფრან დიზაინერთან, მარინ სერესთან. ჩვენებაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, მან ვოგთან ისაუბრა:

“მომწონს, თუ როგორ აერთიანებს [ირისი] ბუნების, ალქიმიის, არქიტექტურის, მეცნიერებისა და ინდუსტრიული დიზაინის ელემენტებს თავის კოლექციებში. ის ძალიან მრავალმხრივია და ვფიქრობ ამაში ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს”.

პანდემიის გამო, ისევე როგორც სხვა ჩვენებები, ირისის ახალი კოლექციაც მხოლოდ ვიდეო ჩანაწერის სახით არის ხელმისაწვდომი. სევდალიზას თქმით, ჩვენებაში მონაწილეობა ფილმის გადაღებას ჰგავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვეული ფორმატი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგი მაინც ოცნების მაგვარი იქნებოდა. ამასთან, პოდიუმზე საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. პოდიუმმა საშუალება მომცა ხალხისთვის გადამეცა ენერგია ხმის ამოღების გარეშე.”

ჩვენებაზე გამოჩნდა რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვაც.

Iris Van Harpen გაზაფხული 2021 Haute Couture კოლექცია სრულად: