თავისუფალი ენერგია და მუხტი, რომელიც ამერიკული კულტურის განუყოფელი მახასიათებელია, ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს ხდის მსოფლიოში. ყოველი წლის თებერვალსა და სექტემბერში, სწორედ ნიუ-იორკიდან იწყება თანამედროვე მოდის კვირეულების ყველაზე სანახაობრივი სეზონი, რომელიც მოდის ტენდენციებს განსაზღვრავს.
საქართველოში ამერიკული მოდის გამორჩეულ ბრენდებსა და კოლექციებს Sense Concept Store წარმოგვიდგენს. ჩვენი ერთგული მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ Sense Concept Store კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს თანამედროვე მოდის ყველაზე გემოვნებიან და მოთხოვნად ბრენდებს ერთ პრემიუმ სივრცეში სთავაზობს. Sense Concept Store-ის დამფუძნებლები ყოველ სეზონზე ესწრებიან მილანის, პარიზის, კოპენჰაგენისა და ახლა უკვე ნიუ-იორკის მოდის კვირეულებს, რათა მოდის ქართველი მოყვარულები მუდმივად გაანებივრონ უახლესი კოლექციებით.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე, 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, Sense Concept Store-ის დამფუძნებლები ნიუ-იორკის მოდის კვირეულს პირველად დაესწრნენ, ქართული მაღაზიის სელექცია მოიცავს ამერიკული მოდის არა ახალბედა, არამედ საკულტო ბრენდებს, როგორებიცაა: Proenza Schouler და Helmut Lang. საკმარისია ითქვას, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი სწორედ Helmut Lang-ის ჩვენებით გაიხსნა. არ იქნება გაზვიადებული თუ დავწერთ, რომ 100-მდე ღონისძიებიდან, რომელიც 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით ნიუ-იორკში გაიმართა, “პროენზა სქულერისა” და “ჰელმუტ ლენგის” შოუები ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა.


როდესაც 1990-იანი წლების ცნობილი ინგლისელი მოდელი და მუზა, კირსტენ ოუვენი Helmut Lang-ის პოდიუმზე თეთრი, ნახევრად გამჭირვალე ლუქით გამოჩნდა, ცხადი იყო, რომ 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია უნდა გვენახა. მინიმალიზმი წარმოდგენილი უნიკალური შტრიხებითა და ინდივიდუალიზმით, ამერიკული დენიმი, ელვა შესაკრავები, კაშკაშა ნარინჯისფერი, თამამი ჭრები, თეილორინგი და უტილიტარული ქურთუკები – ბრენდის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა, პიტერ დომ ახალ კოლექციაში თავისი ხელწერა და მოდის სახლის ისტორიული რეფერენსები ოსტატურად გააერთიანა.




კოლექციის ხიბლი პრაქტიკულობასა და სიმარტივეშია. გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგწონებიათ ლუქი პოდიუმზე, მაგრამ დაუფლების სურვილიც კი არ გაგჩენიათ, გამომდინარე იქიდან რომ იცით, მისი მორგება მხოლოდ ჩვენებაზე წარმოდგენილი ფორმითაა შესაძლებელი და შეხამება თქვენს გარდერობში არსებულ სხვა ნივთებთან ძალიან გაგიჭირდებათ. Helmut Lang-ის ახალ კოლექციაში, თითოეული ლუქი შექმნილია იმგვარად, რომ მარტივად მოვარგებთ ჩვენს პერსონალურ სტილს, ყოველდღიურობასა თუ განწყობას. ეს კი, სწორედ ის თავისუფალი, თანამედროვე და ავთენტურად ამერიკული ხედვაა, რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ და აღგვაფრთოვანებს. ეს არის სამოსი ნამდვილი ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აქტიური ცხოვრების სტილით, ადევნებენ თვალს მოდას და იციან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არ არიან ძალიან ფრთხილები, მაგრამ არც ყვირილი და სიჭარბე უყვართ. არც ძალიან პომპეზური და არც ძალიან ქუჩის – ბალანსი, რომელიც Helmut Lang -ს აქცევს მოდის მოყვარულების რჩეულ ბრენდად, ყველაზე კარგად ხასიათდება სიტყვით, რომელსაც ზოგჯერ ზედმეტად ხშირადაც ვიყენებთ, ეს არის “cool” კოლექცია კლასიკური გაგებით, რაც გულისხმობს მოდას, რომელიც პრაქტიკული და მიმზიდველია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.


კლასიკური და “განვითარებადი” კოლექცია წარმოადგინა Proenza Schouler-მა. მიკროტენდენციებით დატვირთულ მოდის ინდუსტრიასა და ზოგადად სოციუმში, რომელიც დიზაინერებისგან, ყოველ სეზონზე ახალ ტრენდების შექმნას ითხოვს, დიზაინერები ლაზარო ჰერნანდესი და ჯეკ მაკქალა განვითარების ნელ და ჯანსაღ ტემპს ირჩევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “პროენზა სქულერი” შექმნის დღიდან მეტნაკლებად ყოველთვის მინიმალიზმს ეფუძნებოდა, თუმცა 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ბრენდი კიდევ უფრო დისტანცირდა მოდასა და მსოფლიოში არსებული ქაოსისაგან და მეტად მშვიდი და ზომიერი ნამუშევარი წარმოადგინა.




პოდიუმზე ჭარბობდა შავი ფერი, მეტიც, დიზაინერების განმარტებით, ეს “პროენზა სქულერის” ყველაზე შავი კოლექცია იყო, რომელიც აქამდე გვინახავს. ასევე წარმოდგენილი იყო გამჭირვალე ქსოვილებისაგან შეკერილი მაქსი სტილის კაბები, აბრეშუმის ნაქსოვი სვიტერები, რბილი ფენები, რომლებიც შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის იდეალურია, ხასხასა წითელი და ატმისფერი ლუქები, რომლებიც მიუხედავად მოკრძალებული დიზაინისა, კარგად გამოჰკვეთდა სხეულის ფორმებსა და სილამაზეს – სამოსი, რომელიც არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ ყველა თანამედროვე ქალაქის მცხოვრებს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. Helmut Lang -ის მსგავსად, “პროენზა სქულერის” კოლექციაშიც ყველაფერი თავის ადგილზეა, მარტივი, მაგრამ არა უბრალო, სადა, მაგრამ არა მოსაწყენი.


Proenza Schouler-ისა და Helmut Lang -ის ახალი კოლექციების დათვალიერებასა და შეძენას Sense Concept Store-ის “სითი მოლი საბურთალოს” პრემიუმ სივრცეში შეძლებთ.