სექტემბერი მოდაში ყველაზე მნიშვნელოვან თვედ მიიჩნევა. წელიწადის ამ დროს, დიზაინერები კოლექციების წარდგენას ნიუ-იორკში იწყებენ, შემდეგ კი ლონდონში, მილანსა და პარიზში აჩვენებენ თავიანთ ახალ ნამუშევრებს. თუმცა 1998 წლამდე, მოდის კვირეულებს ჯერ ევროპა მასპინძლობდა, სანამ ერთი ახალგაზრდა დიზაინერი, ახალი სეზონის დაწყებამდე, ამერიკაში გადაწყვეტდა ჩვენების გამართვას. იგი ჰელმუტ ლენგი გახლდათ, რომლის ამ ნაბიჯმაც განაპირობა მოდის ტრადიციული კალენდრის იმ ფორმით ჩამოყალიბება, როგორადაც მას დღეს ვიცნობთ.

ნიუ-იორკში 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი სწორედ Helmut Lang-ის ჩვენებით გაიხსნა. მოდის სახლისთვის პიტერ დოს შექმნილი სადებიუტო კოლექცია, სახელწოდებით “Born To Go” მაღაზიის თაროებზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოშიც, ექსკლუზიურად – Sense Concept Store-ში, რომელიც საქართველოში ბრენდის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია. გამორჩეული სივრცე, რომელშიც ასევე შემოთავაზებულია ისეთი სახელგანთქმული და ნიშური ბრენდები, როგორებიცაა: Vivienne Westwood, Proenza Schouler, Ganni, Self-Portrait, Patou, Tabi და ბევრი სხვა, თბილისში 2021 წლის მარტში გაიხსნა.

© Sense Concept Store

Sense Concept Store-ს დამფუძნებლები მუდმივად ცდილობენ თავიანთი მომხმარებლების სიახლეებით განებივრებას და სივრცეში საინტერესო ბრენდების დამატებას. მათი მიზანია, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და მათ ყოველ სეზონზე განახლებული კოლექციები შესთავაზონ. სელექცია მარადიულ, თამამ და ფუნქციურ ნივთებს მოიცავს. აქ ყველაფერი მზრუნველობითა და ყურადღებით არის შერჩეული.

სანამ Helmut Lang-ის ახალი კოლექცია Sense Concept Store-შიც იქნება ხელმისაწვდომი, გაგიზიარებთ დეტალებს ჩვენების შესახებ, რომლის ნახვასაც ამ სეზონზე ნიუ-იორკში ყველაზე მეტად ელოდნენ.

© Sense Concept Store

დავუბრუნდეთ ისევ 1998 წელს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ეს თარიღი არის აღსანიშნავი, როცა Helmut Lang-ზე ვსაუბრობთ. ამ წელს ჰელმუტი გახდა მოდის პირველი დიზაინერი, რომელმაც რეკლამა ყვითელ ტაქსებზე განათავსა. პიტერის სადებიუტო ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ თიზერშიც სწორედ ყვითელი ტაქსი ვიხილეთ ბრენდის რეკლამით. კარგად ნაცნობი ყვითელი ფერის დეტალები შეგვხვდა კოლექციაშიც, თუმცა პიტერი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. შიფონის მოკლე კაბები, დენიმის ქურთუკები და შარვლები ამ ცნობილი რეკლამების ფოტოების პრინტებით გააფორმა.

მანქანები კოლექციის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო და ისინი პიტერის პირად მოგონებებსაც უკავშირდება. როდესაც თინეიჯერობისას საცხოვრებლად ფილადელფიაში გადავიდა, მანქანებით ხშირად მგზავრობა სწორედ მაშინ მოუწია. ვიეტნამში ცხოვრებისას ძირითადად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ამიტომ შეერთებულ შტატებში მანქანები მისთვის თავისუფლების ახალ შეგრძნებასთან ასოცირდებოდა. გარდა ამისა, კოლექციაში გამოყენებული იყო magenta-ს ტონალობაში შეღებილი ვინტაჟური უსაფრთხოების ღვედები; ამავე ფერის დეტალები იყო წარმოდგენილი Helmut Lang-ის 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში.

© Helmut Lang

პიტერის მეგობარმა, ვიეტნამელმა მწერალმა ოუშენ ვუონგმა ჩვენებისთვის პოემა დაწერა. ვიეტნამურად და ინგლისურად დაწერილი ტექსტის ფრაგმენტები წარმოდგენილი იყო კოლექციაში რამდენიმე მაისურზე და პოდიუმზე, რაც ჰელმუტისა და ჯენი ჰოლზერის თანამშრომლობას ეხმიანებოდა.

კოლექცია უხვად მოიცავდა მოდის სახლის დამაარსებლის რეფერენსებს, რომლებიც 32 წლის დიზაინერის ხედვით იყო ინტერპეტირებული.

© Helmut Lang

პიტერი, რომელიც თანამედროვე ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წარმომადგენელია, Fast Retailing-ის მფლობელობაში არსებული Helmut Lang-ის კრეატიულ დირექტორად მაისში დაინიშნა. ის საკუთარი ბრენდით ასპარეზზე 2018 წელს გამოჩნდა. თუმცა ნეიტრალურ ფერთა პალიტრაში წარმოდგენილი Peter Do-ს ელეგანტური სილუეტები, დახვეწილი თეილორინგი და ნატიფი დეტალები ჰელმუტ ლენგის შემოქმედებასთან არ ასოცირდება და სხვა ტიპის მომხმარებელ იზიდავს.

ჰელმუტმა კომპანია 1986 წელს დააარსა. თვითნასწავლმა ავსტრიელმა დიზაინერმა საზოგადოებას შესთავაზა ხედვა, რომელსაც დღესდღეობით გაცვეთილი ტერმინი cool ესადაგება. უკვე 18 წელი გავიდა, რაც ის მოდიდან წავიდა და კვლავ უამრავ დიზაინერზე ახდენს გავლენას. მისი უნიკალური მინიმალიზმი შთაგონების წყარო გამხდარა რაფ სიმონსისთვის, ნიკოლა ჟესქიერისთვის თუ ფიბი ფაილოს Céline-სთვის, სადაც პიტერი, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად დაარსებული კონკურსის, LVMH Prize-ის, გამარჯვებული გახდა, ორი წლის განმავლობაში დამხმარე დიზაინერად მუშაობდა. ჰელმუტის შემოქმედება უტილიტარული, ანდროგენული იყო და უჩვეულო ფორმით წარმოაჩენდა სექსუალურობას. ის უბრალო ტანსაცმელს – მაისურებს, შარვლებს, პიჯაკებს – სრულიად განსხვავებულ ხიბლს სძენდა. ამას საუცხოო ჭრებით, ქსოვილების არჩევანითა თუ ფერებთან თამაშით ახერხებდა. მისი საკულტო შემოქმედება მარადიულია და დროის სვლასთან ერთად ღირებულებას არ კარგავს.

Helmut Lang შემოდგომა/ზამთარი 1994 © Condé Nast Archive

პიტერის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა დამაინტრიგებელი გადაწყვეტილება იყო და როგორც მისმა პირველივე კოლექციამ ცხადყო, ახალგაზრდა დიზაინერმა დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

როგორც თავად აღნიშნავს, Helmut Lang-ში მის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ბრენდის არქივებზე დაყრდნობა. მას საკუთარი ხელწერით ჰელმუტის ორიგინალი ხედვის განვითარება და ახალი თაობის მოზიდვა სურს.

Sense Concept Store “სითი მოლი საბურთალოს” პრემიუმ სივრცეში მდებარეობს. მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ონლაინ სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.senseconceptstore.com