ახლახან, Apple Tv +-ზე სელენა გომეზის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. Selena Gomez: My Mind & Me – ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დოკუმენტური ნამუშევარის გარშემო ხმაური იმან განაპირობა, რომ ვარსკვლავმა საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, საკმაოდ ხმამაღალი და გულწრფელი გზავნილები გააჟღერა.
ფილმში ნაჩვენები მოვლენები 2016 წლიდან იწყება და სელენა გომეზის ცხოვრების უახლეს ექვს წელს ქრონოლოგიურად აჩვენებს მაყურებელს. დოკუმენტური სურათის რეჟისორი ალეკ კეშიშიანია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1991 წელს მადონას შესახებ გადაღებული ფილმით, სახელწოდებით – Truth or Dare. ეს იყო ნამუშევარი, რომელმაც გამოსვლისთანავე წლის ყველაზე რეიტინგული დოკუმენტური ფილმის სტატუსი მოიპოვა.
Selena Gomez: My Mind & Me კეშიშიანის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფილმად იქცა, რადგან ის არამხოლოდ სელენა გომეზის პერსონას გვაცნობს საუკეთესო კუთხით, არამედ კარგად ასახავს ახალგაზრდა ვარსკვლავების ზოგად პრობლემას – როცა საზოგადოებისა და მედიის არაჯანსაღმა ყურადღებამ, დამოკიდებულებამ და კრიტიკამ მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
როგორც ალეკ კეშიშიანმა აღნიშნა, ფილმის გადაღებებისას წვდომა ჰქონდა სელენას ცხოვრების ყველა ასპექტთან და დოკუმენტური ნამუშევარი ასეთი გულწრფელი ამიტომაც გამოვიდა.
“სელენასთან პირველად 2015 წელს ვიმუშავე, როდესაც მისთვის მუსიკალური ვიდეო Can’t Keep My Hands to Myself გადავიღე. 2016 წელს, როდესაც საკონცერტო ტურნესათვის ემზადებოდა, სელენა ჩემთან მოვიდა და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ მისი ცხოვრების ყველა ასპექტთან უნდა მქონოდა წვდომა, რისი პირობაც მაშინვე მივიღე. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სელენა მზად არ იყო კამერებთან ერთად ეცხოვრა და მის სტრესს ეს კიდევ უფრო გაამწვავებდა. პროექტზე უარი ვუთხარი, თუმცა მეგობრებად დავრჩით. 2019 წელს, კენიაში მოგზაურობის წინ, სელენამ ეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომცა. მაშინ დავთანხმდი და რამდენიმე დღიანი გადაღებისათვის დავიგეგმეთ. თუმცა მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი აზრები და ხედვები სრულიად ემთხვეოდა ერთმანეთს. ასე იქცა ეს ყველაფერი მასშტაბურ პროექტად. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფილმი, რომელიც მენტალური პრობლემების გადალახვისას სხვებს დაეხმარებოდა.” – აღნიშნა ალეკ კეშიშიანმა Vogue-თან საუბრისას.
Selena Gomez: My Mind & Me ბევრი ემოციური სცენით გამოირჩევა. ერთ-ერთ ასეთ საკვანძო სცენაში, სელენა საკუთარ გარეგნობაზე და იმიჯზე საუბრობს. ფილმის ამ ნაწილში, ვარსკვლავი სცენაზე გასვლის წინ ღელავს, თუ როგორ აღიქვამს აუდიტორია – მასში კვლავაც “დისნეის” ვარსკვლავს დაინახავს, თუ ძლიერ ზრდასრულ მომღერალს, როგორადაც თავად სურს საკუთარი თავის აღქმა. ”ჩემი სხეული ძალიან ახალგაზრდაა” – ეუბნება სელენა კულისებში შეკრებილ ადამიანებს და შიშობს, რომ შერჩეული კოსტიუმი, როგორც თავად ამბობს, “12 წლის ბიჭს დაამსგავსებს”. ახალგაზრდა ვარსკვლავისათვის საზოგადოების მოლოდინების გამართლების მცდელობა საბოლოოდ დიდ წნეხად იქცა, რაც ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდა.
დოკუმენტური ნამუშევარი საკმაოდ ეთიკურად მიჰყვება დრამატულ მოვლენებს. ის ეხება სელენა გომეზის ცხოვრების ისეთ მონაკვეთებს და ნათელს ჰფენს ვარსკვლავის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისათვის აქამდე არასწორი ინტერპრეტაციით იყო აღქმული. ფილმის სიუჟეტი ფოკუსირდება პერიოდებზე, როდესაც გომეზმა გააუქმა თავისი ტურნე; როდესაც ის კენიაში გაემგზავრა საქველმოქმედო საქმიანობისათვის; როდესაც თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტისას, განიხილა სკოლებში მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის არსებობის აუცილებლობა და ასე შემდეგ. ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთი საკვანძო და ყველაზე დრამატული მომენტი კი 2019 წლის მოვლენებს უკავშირდება, როცა სელენა გომეზს ოფიციალურად დაუსვეს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი.
აღსანიშნავია, რომ Selena Gomez: My Mind & Me არ არის პირველი ხმაურიანი დოკუმენტური ნამუშევარი, რომელშიც მაყურებელმა ცნობილი ადამიანი განსხვავებული კუთხით იხილა. თუმცა, ფილმის გულწრფელმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ საზოგადოებამ ის განსაკუთრებით დადებითად მიიღო. პრემიერიდან მალევე, Selena Gomez: My Mind & Me იქცა დოკუმენტურ ნამუშევრად, რომელზეც სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ, ხოლო მედიამიმომხილველები მაყურებელს მის ნახვას ურჩევენ.