28 ოქტომბერს ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ ყოველწლიური დაჯილდოება გამართა. ცერემონიის მსვლელობისას CFDA-ს ჟიურიმ მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი Schiaparelli-ს დენიელ როუზბერი გახდა, რომელიც საბჭომ საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა. 39 წლის ამერიკელი როუზბერი Schiaparelli-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს.
Schiaparelli-ში გადასვლამდე დიზაინერი დაახლოებით ათი წელი Thom Brown-ში მუშაობდა. პარიზის ოტ კუტიურ სახლში შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციის დაკავების შემდეგ კი, როუზბერიმ Schiaparelli ერთ-ერთ ვარსკვლავურ ბრენდად აქცია. როუზბერი ცნობილია მოდის სახლის მემკვიდრეობის, ბრენდის საარქივო ხელწერის აღდგენით და მისი ახლებური ინტერპრეტაციით. კოლექციებში დიზაინერი ხშირად პატივს მიაგებს მოდის სახლის დამფუძნებლის, ელზა სკიაპარელის სიურრეალიზმისადმი სიყვარულს. Schiaparelli-ს კოლექციებისათვის დამახასიათებელია მასიური სამკაულები, მეტალის აქსესუარები და დეტალები.
Schiaparelli დღესდღეობით ერთ-ერთი ის მოდის სახლია, რომლის აქტუალობა დროსთან ერთად იზრდება და რომელსაც ყოველთვის ვხედავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების წითელ ხალიჩაზე. ბრენდის ჩვენებებზე სტუმრების რიგები ყოველთვის სავსეა პოპ კულტურის ყველაზე ცნობილი სახეებით.