დემნა მოდის სამყაროში ცნობილია საქმისადმი მაქსიმალისტური მიდგომით (როგორც ამას Vogue აღნიშნავს), ჩინეთში გამართული ჩვენება კი, გამონაკლისი არ ყოფილა. Balenciaga-ს ყველაზე მეტი მაღაზია სწორედ ჩინეთის ტერიტორიაზეა, აქედან გამომდინარე, დიზაინერმა საკუთარი მომხმარებლების ყველაზე დიდ სეგმენტს ბრენდის სრული გამოცდილება მიანიჭა. “ეს განსაკუთრებული ადგილია ბალენსიაგასთვის, ჩვენ აქ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერები გვყავს,” აღნიშნა დემნამ, “მე არ მჯერა კრუიზ კოლექციების, საზღვაო თემატიკისა და ასე შემდეგ.. თუმცა მჯერა ჩემი ხედვის ადამიანებამდე მიტანის, ადამიანებამდე, რომლებიც აფასებენ ჩემს ხედვას. ჩინეთი ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.”

ჩვენება პუდონგის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, რომლის არქიტექტორიც ფრანგი ჟან ნუველია. ჩვენების დაწყებამდე წვიმა დაიწყო, თუმცა ამას არ შეუჩერებია ჩვენების სტუმრები და მუზეუმს გარეთ შეკრებილი ფანები, რომლებიც სელებრითების მოლოდინში საწვიმრებითა და ქოლგებით იყვნენ შეიარაღებულნი. პოდიუმი მუზეუმის გრანიტით მოფენილ უკანა ეზოში მოეწყო, რომლიდანაც პუდონგის ხედი იშლებოდა, თუმცა ის ღრუბლებისა და ნისლის გამო სრულად გადაიფარა. ამან დემნას “Shanghai Noir” ატმოსფერო კიდევ უფრო გაამძაფრა.

“იცით, მე ბევრად უფრო ნაკლებს ვფიქრობ ტანსაცმლის შექმნის დროს, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია,” განუცხადა მან Vogue-ის ჟურნალისტს, “მე უბრალოდ ეს სილუეტები მომწონს, მე ასე ჩავიცვამდი და ვისურვებდი, ქალები მენახა ასე ჩაცმული. ამის მიღმა ინტელექტუალიზაციას ვერ იპოვით.”

ასეთი აზრები დემნასგან პირველად არ გაგვიგია, ისევე, როგორც უკვე გვინახავს ნაცნობი Oversized ვერტიკალური სილუეტები და გრძელი სახელოები. პოდიუმზე ვიხილეთ ცოტა ხნის წინ გავრცელებული “metalhead” ფეხსაცმელი უზარმაზარი პლატფორმით, რომელიც შეხამებული იყო სუპერ-გრძელ მოსაცმელთან. “ეს კოლექცია ინსტინქტურად შევქმენი. აქ ხედავთ იმას, რაც მომწონს, რაც ჩემთვის ამაღელვებელი და სასურველია,” ამბობს დემნა, “ბალენსიაგა ამით მიმყავს ჩემი მრავალფეროვანი სტილისა და შეხედულებების ახალი ბალანსისკენ.” პოდიუმზე ვიხილეთ დემნას ხელწერად ქცეული თამაში პროპორციებთან და კონცეფციებთან. გთავაზობთ ბალენსიაგას ჩინეთში გამართული პირველი ჩვენებიდან ყველაზე დასამახსოვრებელ ლუქებს:

იხილეთ ჩვენება სრულად: