
გასული სამი წლის განმავლობაში, Valentino ჩვენებებს გაერთიანებულ ფორმატში მართავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის კოლექციები ერთად იყო წარმოდგენილი. ამჯერად იტალიური მოდის სახლი მამაკაცის კოლექციას დამოუკიდებელ ჩვენებას დაუთმობს, რომელსაც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილავთ.
Valentino-ს გარდა, უახლოეს წარსულში გაერთიანებულ ფორმატზე უარი სხვა არაერთმა მდიდრულმა ბრენდმაც თქვა, მათ შორის: Gucci-მ,Versace-მ და Givenchy-მ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის შოუებზე, როგორც წესი, ქალის კოლექცია მამაკაცისას ჩრდილავს, იმ ბრენდების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, რომლებსაც მამაკაცის სამოსის კატეგორიაზე ფოკუსის გაზრდა სურთ, გასაკვირი ნამდვილად არ არის. როგორც Valentino-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაკოპო ვენტურინიმ აპრილში WWD-ს განუცხადა, გასულ წელს მამაკაცის სამოსმა ბრენდის საერთო გაყიდვების მხოლოდ 14% შეადგინა.

Valentino შემოდგომა 2023 ოტ კუტიური © Fashionably Male
მიუხედავად იმისა, რომ Valentino ქალის სამოსისა და ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებებს ტრადიციულად პარიზში მართავს, ამ შოუს მილანში მოწყობის გადაწყვეტილებით მოდის სახლი თავის ფესვებს უბრუნდება, რადგან მისმა დამფუძნებელმა ვალენტინო გარავანიმ მამაკაცის სამოსის თავისი პირველი კოლექცია 1985 წლის იანვარში სწორედ ამ ქალაქში წარადგინა.
ჩვენება Università degli Studi di Milano Statale-ში მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს, 16 ივნისს გაიმართება. კოლექციის სახელწოდება “ნარატივები” იქნება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა როგორც Valentino-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე სოციალურ ქსელებში.