
10 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში მოდის კვირეულები გაიმართა, რასაც წინ უძღოდა იანვრის თვეში კაცის კოლექციების ჩვენებები. ტრადიციულად, მოდის გავლენიანმა გამოცემებმა გამოავლინეს ტრენდები, რომლებიც ამ პერიოდში ასობით დიზაინერისა და ბრენდის შოუზე დომინირებდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის Vogue, რომელმაც 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ის ტრენდები წარმოგვიდგინა, რომლებიც მოდის “ახალ წესრიგზე” მეტყველებს.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს
გაბერილი პროპორციები
ამ სეზონზე როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებში გაბერილი პროპორციები პოდიუმზე მრავლად ვიხილეთ. რიკ ოუენსის მბზინავი ვარდისფერი და Prada-ს თეთრი ბალიშისებრი ქურთუკები, Marni-ის მოცულობითი შარფი თუ Moncler Genius x Pharrell Williams-ის ჟილეტი რამდენიმე ნიმუშია ტრენდის, რომელსაც გაზვიადებული სახე აქვს.




















ფოტოები: vogue.com
ქალის თეთრეულის დეტალები
ქალის თეთრეულის სექსუალური ელემენტები ისეთი ბრენდების კოლექციებში იყო შემოთავაზებული, როგორებიცაა: Fendi, Bottega Veneta, Roberto Cavalli და ა.შ. მაქმანებით გაწყობილი ნამუშევრები, 90-იან წლებში პოპულარული slip კაბების ვარიაციები და გამჭირვალე კაბები პოდიუმზე სენსუალურობას აფრქვევდა.










































ფოტოები: vogue.com
მამაკაცის სამოსის კოდები ქალის კოლექციებში
Saint Laurent-ის თუ Valentino-ს ქალის კოლექციებში კაცის სამოსის კოდების ინტერპრეტაცია მთავარ როლს ასრულებდა. კლასიკური კოსტიუმები, ძლიერი მხრები, წვრილი ზოლები თუ ჰალსტუხები პოდიუმზე სწორედ ქალებმა წარადგინეს. ტრენდს Vogue-მ Power Politics უწოდა და ის კოლექციებში ასეთი ფორმით ვიხილეთ:
























ფოტოები: vogue.com