მოდის სახლი Saint Laurent ყოველთვის გამოირჩეოდა ახლო ურთიერთობით მუსიკალურ ინდუსტრიასთან. სხვადასხვა დროს, ამ სფეროში მოღვაწე არაერთი ცნობილი პერონისა და ბრენდის წარმატებული თანამშრომლოობა ვიხილეთ – მაგალითისათვის, საკმარისია გავიხსენოთ მოდის სახლის 2013 წლის მუსიკალური პროექტი, რომლის სარეკლამო კამპანიაში ახლახანს დაშლილი საკულტო დუო Daft Punk მონაწილეობდა. ამჯერად, ბრენდის ამჟამინდელმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ენტონი ვაკარელომ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც Saint Laurent-სა და მუსიკის მრავალწლიანი უერთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო გამოვლინებაა.

ენტონი ვაკარელო “სან ლორანის” პარიზის მაღაზიაში – Rive Droite-ში მუსიკალურ ლაივ სესიებს აწყობს. მომავალი თვეების განმავლობაში, ბუტიკში, სხვადასხვა ახალბედა არტისტი მუსიკალურ პერფორმანსს შესთავაზებს მსმენელს. სესიები Saint Laurent-ის სოციალური მედიის არხებისა და ოფიციაულური ვებ-გვერდის საშუალებით გადაიცემა. სიმბოლურია, რომ ამ პროექტისათვის განკუთვნილ სივრცედ, სწორედ, Rive Droite შეირჩა, რამდენადაც მაღაზიის კონცეფცია თავიდანვე მუსიკალური და ზოგადად, კულტურული ღონისძიების ჩატარებასთან იყო დაკავშირებული.