ენტონი ვაკარელოს სენ ლორანისთვის შექმნილი კოლექციების ჩვენებები დაუვიწყარ სანახაობად იქცა. პანდემიამდეც და მის შემდეგაც ფრანგული მოდის სახლი წარმატებით განაგრძობს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას. დიუნებზე მოსიარულე მოდელების ხილვის შემდეგ (ზაფხული 2021), ამჯერად YSL-ის ციფრულ შოუზე ბუნების მომაჯადოვებელი ძალის განსხვავებულ სახეს ვხვდებით.
იმ ადგილას, “სადაც ვერცხლის ქარი ქრის,” არაკლასიკური სილამაზის, თუმცა გამორჩეული ვიზუალის მქონე გოგონებმა, მათ შორის სოფია შტეინბერგმა, მიკა არგანარაზმა და კიკი უილემსმა, ჩანჩქერებისა და აისბერგების ფონზე წარადგინეს სამოსი, რომელიც ენტონის თქმით, სამოციანი წლების ფორმებსა და ოთხმოციანი წლების ფერებს აერთიანებდა.
“ეს არის გოგონას იდეა ლანდშაფტზე, რომელსაც ის არ ეკუთვნის,” – ამბობს ვაკარელო. “ვიცოდი, რომ ზამთრის ლოკაცია მინდოდა, რომელიც წარმოაჩენდა თუ რაოდენ ძლიერია ბუნება; რამდენად არაფერს წარმოვადგენთ მასთან შედარებით, როგორი ეფემერულები ვართ. ეს არ არის ადგილი, სადაც ვინმე სათხილამუროდ წასვლას დააპირებს, მაგრამ Saint Laurent-ს რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რაც სიზმრის მსგავსი იქნებოდა.”
Saint Laurent ზამთარი 2021