ლონდონის მოდის კვირეული რიჩარდ ქუინის ჩვენების გარეშე წარმოუდგენელია. ბრიტანული მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა დიზაინერმა ახალი, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია საიდუმლო ბაღის ინსპირაციით შექმნა. როგორც თავად აღნიშნავს, ყოველთვის უყვარდა ფრენსის ჰოჯსონ ბარნეტის ამავე სახელწოდების ნოველა, ისევე, როგორც 1993 წლის ეკრანიზაცია. “მსურდა [ამ კოლექციით] საიდუმლო ბრიტანული ბაღი შემექმნა, რომელშიც ყველა იქნებოდა დაპატიჟებული,” აღნიშნა რიჩარდ ქუინმა ვოგთან საუბარში, “შევეცადე ის მაქსიმალურად ფანტაზიური ყოფილიყო.”

საიდუმლო ბაღი, რა თქმა უნდა, ყვავილების გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა ლუქი ყვავილების პრინტით იყო შექმნილი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუინისთვის ფლორალი უკვე კარგად გამოცდილი და ხელწერად გადაქცეული შტრიხია, რომელსაც სეზონიდან სეზონამდე მოდის მოყვარულები სულმოუთქმელად ელიან. ახალი კოლექციისთვის ეს პრინტი, წინა სეზონებთან შედარებით, მსუბუქი, ჰაეროვანი და ძალიან რომანტიკული იყო.

ახალი კოლექცია რიჩარდმა ელიზაბეთ II-ის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. პოდიუმის ფონზე მისი 1953 კორონაციის ვიდეო იყო ჩართული, რომლის მუსიკალურ ფონზეც ლონდონის “ბახის” გუნდმა და სიმფონიურმა ორკესტრმა იზრუნა.

კოლექციის მეორე ნახევარი დიზაინერმა სრულად საქორწილო კაბებს მიუძღვნა, რომლებიც სხვადასხვა მასალით, სხვადასხვა სილუეტებიდა და თეთრი ფერის ტონალობებითაა შესრულებული.

იხილეთ კოლექცია: