მილანის მოდის კვირეული 19 სექტემბერს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. Camera della Moda-ს გამოქვეყნებული წინასწარი განრიგის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში 62 ფიზიკური ჩვენება ჩატარდება, გარდა ამისა, დაგეგმილია ციფრული შოუებიც. მომავალი კვირეულის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი დებიუტი შედგება, მათ შორის არის პიტერ ჰოკინგსის პირველი ჩვენება Tom Ford-ისთვის.

ჰოკინგსი კოლექციას 21 სექტემბერს წარადგენს. მან მოდაში კარიერა 1998 წელს იტალიაში, ტომ ფორდის პერიოდის Gucci-ში მუშაობით დაიწყო, Tom Ford-ის კრეატიულ დირექტორად კი აპრილში დაინიშნა. “ჩემთვის დიდი პატივია ვიყო Tom Ford-ის კრეატიული დირექტორი და მქონდეს უნიკალური შესაძლებლობა, დავწერო ახალი თავი ბრენდის ისტორიაში,” – აღნიშნული იყო მის განცხადებაში. “იტალიური სამოსის შექმნის ოსტატობა ჩვენი კოლექციების ერთ-ერთი მთავარი შთაგონებაა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია წარვადგინოთ ახალი კოლექცია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.”

22 სექტემბერს ვიხილავთ საბატო დე სარნოს სადებიუტო ნამუშევრებს Gucci-სთვის. დე სარნო იტალიურმა მოდის სახლმა ახალ კრეატიულ დირექტორად იანვარში წარადგინა, აღნიშნულ პოზიციაზე მან ალესანდრო მიკელე ჩაანაცვლა.  იმ ბრენდებს შორის, რომლებისთვისაც მას უმუშავია არის: Prada, Dolce & Gabbana და Valentino. “შემოქმედებითი სადავეების საბატო დე სარნოს ხელში მოქცევით, გვჯერა, რომ უაღრესად სასურველი პროდუქტებისა და კოლექციების გამოშვებით მოდის სახლი განაგრძობს მოდასა და კულტურაზე გავლენის მოხდენას და თანამედროვე ლუქსს განსაკუთრებულ და თანამედროვე პერსპექტივას შემატებს,” – განაცხადა Gucci-ს მფლობელი კომპანია Kering-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ.

23 სექტემბერს კი Bally-სთვის სიმონე ბელოტის პირველი ჩვენება გაიმართება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Bally-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობას ბელოტი დაიკავებდა ივნისში გავრცელდა – ორი კვირის შემდეგ, რაც რუიჯი ვილანსეროს ბრენდიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. დიზაინერი 16 წლის განმავლობაში Gucci-ს მოდის სახლისთვის მუშაობდა. მისი რეზიუმე სხვა ისეთ სახელგანთმულ მოდის სახლებსაც მოიცავს, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Bottega Venetta და Gianfranco Ferre. Bally-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლა ჯიროტოს, თქმით, “სიმონე განაგრძობს ბრენდის სახასიათო კოდების დღევანდელობის კონტექსტში ინტერპრეტაციას და განახლებას.”

Bally შემოდგომა/ზამთარი 2023 © The Impression

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში უნდა ველოდოთ, Moschino-ს საიუბილეო შოუა. 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანკო მოსკინომ დააარსა ბრენდი, რომლის სახელიც დღეს უამრავმა ადამიანმა იცის. სპეციალური ჩვენება 21 სექტემბერს მოეწყობა. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, დაგეგმილი ღონისძიების უმთავრესი მიზანი ფრანკოს “გასაოცარი მიღწევებისთვის” და “მარადიული მემკვიდრეობისთვის” პატივის მიგებაა. ეს ასევე იქნება პირველი ჩვენება, რომელიც კრეატიული დირექტორის, ჯერემი სკოტის, Moschino-დან წასვლის შემდეგ გაიმართება. თუმცა ახალი კოლექციის შექმნაში მნიშვნელოვან წვლილი ექნებათ შეტანილი მოდის ინდუსტრიის გავლენიანი სტილისტებს: კარლინ სერფ დე დუძელს, ქეითი გრანდს, გაბრიელა ქარეფა-ჯონსონს და ლუსია ლიუს. თითოეულ მათგანს ფრანკოს შემოქმედებით შთაგონებული 10 თანამედროვე ლუქის შექმნის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

კვირეულში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისეთი სახელგანთქმული მოდის სახლები, როგორებიცაა: Fendi, Prada, Bottega Veneta, Max Mara, Giorgio Armani და ა.შ. ღონისძიება 25 სექტემბერს დასრულდება.