2020 წლის იანვარში ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ თავისი ბოლო ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება გამართა, შემდეგ კი საკუთარ ბრენდში შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. გოტიეს მოდის სახლი ოპერირების ახალ მოდელზე გადავიდა, რაც ყოველ სეზონზე სხვადასხვა დიზაინერების მოწვევას და მათ მიერ კოლექციის შექმნას გულისხმობს. გოტიეს ინიციატივით, პირველად ეს საპატიო პასუხისმგებლობა Sacai-ის Chitose Abe-ს დაეკისრა, რომელმაც პარიზის მიმდინარე ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში დასამახსოვრებელი პრეზენტაცია მოაწყო. თავად ჟან პოლი მაყურებლის ამპლუაში მოგვევლინა, ის ჩვენებას თვალს წინა რიგიდან ადევნებდა.

Jean Paul Gaultier & Chitose Abe © Laura Pelissier/Financial Times

პანდემიის გამო JPG x Sacai – ის ჩვენება ორჯერ გადაიდო, რადგან აბეს კოლექციის წარდგენა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე სურდა და არა ციფრულად, ვიდეოს სახით. მის ამ გადაწყვეტილებას ჟან პოლიც სრულად დაეთანხმა. გარდა ამისა, შექმნილმა ვითარებამ იაპონელ დიზაინერს დამატებითი დროც მისცა კოლექციაზე სამუშაოდ და როგორც ამბობს, მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილია. “მინდოდა კოლექცია ორ ბრენდს შორის ნამდვილი სინერგია ყოფილიყო,” – განაცხადა მან.

კოლექციაში აბემ თავისი ხედვით წარმოაჩინა გოტიეს საკულტო არქივები, მათ შორის კონუსისებური ბიუსჰალტერი, ტატუს პრინტები, მეზღვაურის სამოსი, წვრილი ზოლები თუ დენიმი. “ყველა ლუქი მისი (ჟან პოლის) მნიშვნელოვანი ქმნილებებით არის შთაგონებული,” ამბობს დიზაინერი FT-სთვის მიცემულ ინტერვიუში. “მადონას კორსეტით, ბიორკის ლუქით და თავად მისით!”

უცნობია იმ დიზაიერების ვინაობა, რომლებიც მომავალში გოტიეს ბრენდთან კოლექციის შესაქმნელად ითანამშრომლებენ, მაგრამ მოდის სახლში დაწყებული კოლაბორაციების სერიის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, რაც, პირველ რიგში, სწორი არჩევანის დამსახურებაა. ჟან პოლისთვის კი ამ არჩევანის გაკეთება რთული არ ყოფილა.

“ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე,” – აღნიშნა გოტიემ. “აბეს შემოქმედების ხილვა ჟურნალებში წლების წინ დავიწყე და უკვე ძალიან მომწონდა: მასში ცოტათი ჩემი ხასიათიც იყო, მაგრამ ჩემს ნამუშევარს ზუსტად არ იმეორებდა. ის თრენჩს ეთამაშებოდა, იმას აკეთებდა, რაზეც მე ყოველთვის ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც განსხვავებულს ქმნიდა. მიყვარს მისი შემოქმედება. როცა ტოკიოში საკაის მაღაზიას ვესტუმრე, მისმა ტანსაცმელმა მომხიბლა და ფანტასტიურად მივიჩნიე – ლამაზი იყო, ერთგვარი კუტიური, ძალიან კარგად შესრულებული. როცა დავიწყე ფიქრი თუ ვისთან უნდა მეთანამშრომლა, ვიცოდი, რომ ის ქალი უნდა ყოფილიყო. და ეს ქალი საკაი იყო.”

© Vogue Runway

Chitose Abe-სთვის ოტ კუტიურზე მუშაობა ახალი გამოცდილება იყო, რაზეც ის აღფრთოვანებით ლაპარაკობს. “ეს მართლაც შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო. სრულყოფილების ასეთი დონე არის რაღაც, რასაც მე და ჟან პოლი ორივე ვიზიარებთ.”  

პრეზენტაციის ბოლოს აბეს გოტიეც შეუერთდა. იაპონელი დიზაინერის მაისურზე იკითხებოდა წარწერა: Enfants Terribles. ამ სეზონზე თავისი მეტსახელი ჟან პოლმა სხვა დიზაინერსაც გაუზიარა.

Alessandro Lucioni / Gorunway.com

Jean Paul Gaultier x Sacai შემოდგომა/ზამთარი 2021 – Haute Couture