როჯერ ფედერერმა JW Anderson-თან ერთად Uniqlo-სთვის კოლექციის შექმნაზე იმუშავა. “ყოველთვის მინდოდა მქონოდა კოლექცია, რომელიც იდეალური იქნებოდა ჩოგბურთის სათამაშოდ და ასევე შეესაბამებოდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ სხვა მომენტებსაც,” – განაცხადა მან. “ბედნიერი ვარ, რომ ეს ხედვა ჯონათანმაც გაიზიარა. ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა მოდური და კომფორტული ხაზი, რომელიც ჩოგბურთის კლასიკურ სტილს ეფუძნება. ჯონათანი ნიჭიერი, შემოქმედებითი და წარმოუდგენლად თავმდაბალია. სასიამოვნო იყო მასთან ერთად ამ კოლექციაზე მუშაობა.”
მართალია ეს ფედერერისა და ანდერსონის ერთად მუშაობის პირველი შემთხვევაა, თუმცა Uniqlo-სთან დამოუკიდებლად თანამშრომლობის გამოცდილება ორივე მათგანს აქვს – ფედერერი 2018 წლიდან ბრენდის ელჩია, Uniqlo-სთან ანდერსონის კოლაბორაცია კი 2017 წლიდან იწყება და მას შემდეგ მისთვის არაერთი კოლექცია აქვს შექმნილი როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
ჩოგბურთის ლეგენდისა და ჯონათან ანდერსონის დაარსებული ბრიტანული ბრენდის საერთო კოლექცია ფედერერის სპორტულ გამოცდილებას JW Anderson-ის თანამედროვე დიზაინ კოდებთან გააერთიანებს. გენდერულად ნეიტრალური კოლექცია მოიცავს: სვიტერებს, პოლო მაისურებს, შორტებს, პარკა ქურთუკებს და სპორტული ჩანთის დიზაინს, რომელიც შავ, თეთრ, ნაცრისფერ და ლუჯრ ფერებში შეიქმნა.
Uniqlo-ს Roger Federer Collection by JW Anderson კოლექციის შეძენა 28 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი როგორც Uniqlo-ს მაღაზიებში, ისე ონლაინ. ფასები 39.90-დან 89.90 დოლარამდე იმერყევებს.