თანამედროვე დროში ბრენდის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმიჯი, რომლითაც ის საზოგადოების თვალსაწიერში ხვდება. ციფრულ ერაში, იმიჯის და რეპუტაციის შექმნაში სოციალურ ქსელებს ფასდაუდებელი როლი აკისრია. მათი სწორად მართვა ხელს უწყობს კომპანიებს, სათანადოდ წარმოაჩინონ ის ღირებულებები და უპირატესობები, რომლებიც გააჩნიათ. ხარისხიანი კონტენტით თუ გონივრულად წარმართული კამპანიებით, კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებელზე სასურველი გავლენა მოახდინონ, ისინი თავიანთი პროდუქტით დააინტერესონ და მათი ნდობა მოიპოვონ. სოციალური მედიის ეფექტურმა სტრატეგიამ ბიზნესს შესაძლოა წარმოუდგენელი შედეგები მოუტანოს, განსაკუთრებით ისეთ ინდუსტრიებში, სადაც მთავარი მომხმარებლის გამოცდილებაა, მაგალითად, სტუმარმასპინძლობის სფეროში.
საქართველოში სტუმარმასპინძლობას აქვს ის განსაკუთრებული დატვირთვა, რაც მას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად აქცევს. ეს ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელ ტურისტებს უკვე აქვთ მოლოდინი, რომ ადგილობრივები ხელგაშლილები შეეგებებიან, მოეპყრობიან, როგორც ოჯახის წევრს და მათ კეთილდღეობაზე გულდასმით იზრუნებენ. მოწინავე ტურისტული კომპანიები ამ ყველაფრის გააზრებით კულტურის ელჩებად გვევლინებიან და ქმნიან გამოცდილებას, რომელიც დაუვიწყარია.
ასეთი გახლავთ Inn Georgia, რომლის სერვისებშიც შედის: ტურები და ექსკურსები, თითოეული ადამიანის უნიკალურ ინტერესებზე მორგებული სასტუმროს შერჩევა, განთავსება, ტრანსპორტის დაგეგმვა, კულინარიული თავგადასავლები პროფესიონალ გიდებთან. ყველაფერთან ერთად, ეს არ არის ტიპური ტურისტული კომპანია და მათი საქმიანობის არეალიც არ შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნულით.
Inn Georgia-ს დამფუძნებელი – სოფო ისაკაძე | ფოტოგრაფი: ნატატო ასანიძე
როგორც კომპანიის დამფუძნებელი სოფო ისაკაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, “ინნ ჯორჯიაში” თავიდანვე იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მიზანი სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული სხვა კომპანიებისთვის დახმარების გაწევა იყო. “ჩვენ გვსურს, ვიყოთ განსაკუთრებული პარტნიორი და მთავარი დამხმარე ძალა – უპირველესად – ადგილობრივი კომპანიებისა თუ მომხმარებლებისთვის,” – ამბობს ის. ამ იდეით, “ინნ ჯორჯიას” დაემატა მიმართულება, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი კომპანიების სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგის და პიარის განვითარებას უზრუნველყოფს.
ამ მიმართულების დამატებისთანავე, “ინნ ჯორჯიას” გუნდს შეუერთდა ანა ზერაგია, რომელსაც სოციალური მედიის მიმართულებით დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს როგორც ტექნიკურ საკითხებში, ისე კრეატიული კუთხით. ანა კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. “მიხარია, რომ ჩვენი მოკავშირე და თანამოაზრე სწორედ ასეთი განსაკუთრებული კადრია,” – ვიგებთ სოფოსგან. “დარწმუნებული ვარ, მისი სახელის ამოკითხვისას, ბევრს გაახსენდება ანას საოცარი პროექტები.”
Inn Georgia-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი – ანა ზერაგია | ფოტოგრაფი: ნატატო ასანიძე
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობენ, კონცენტრირებულები სტუმარმასპინძლობის სფეროზე არიან. მიზეზი ამ სფეროში გუნდის მრავალწლიანი გამოცდილებაა და სწორედ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა შეუძლიათ პარტნიორებისთვის. ისინი ორიენტირებულები არიან ნდობის მოპოვებაზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის ზრდის ფონზე კი, მიიჩნევენ, რომ ადამიანის ჩართულობას ყველა საქმეში შეუცვლელი როლი აქვს: “რატომღაც მიიჩნევა, რომ ადგილობრივი კომპანიები ისე კარგად ვერ ართმევენ თავს გარკვეულ სფეროებს, ხან მსმენია, რომ AI დაწერილ-ნაკარნახევი პოსტი უკეთესია და საჭირო აღარ არის სოციალური მედია მენეჯერი და მრავალი სხვა.” გუნდში ამ გამოწვევასთან გამკლავება მიზნად დაისახეს, თავიანთი ცოდნა გააერთიანეს როგორც ტურიზმის, ისე მარკეტინგის მიმართულებით და გადაწყვიტეს, უფრო ძლიერები გაეხადათ პარტნიორი კომპანიები.
“დიდი კომფორტია, როდესაც გუნდში გყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად უსიტყვოდაც გიგებენ, მუშაობენ იდეებზე და შენთან ერთად ვითარდებიან. ასეთ დროს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და საქმეების სწორად გადანაწილება ყველაზე კარგად აბალანსებს რესურსს, მენეჯმენტს კი სრულყოფილს ხდის,” – აღნიშნავენ ისინი. “კომპანიაც სწორედ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობით შეიქმნა და ვეცდებით სამომავლოდ ჩვენი კონცეფცია, რომელიც მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, გავამყაროთ და შევინარჩუნოთ.”
ანა ზერაგია და სოფო ისაკაძე | ფოტოგრაფი: ნატატო ასანიძე
“ინნ ჯორჯიაში” სწამთ, რომ ქართული სტუმარმასპინძლობა თანამედროვე გამოწვევებსა და დასახულ ამოცანებს კარგად უმკლავდება და მეტიც, ჩვენი ინდუსტრია საერთაშორისო ასპარეზს არაფრით ჩამოუვარდება და ბევრი უპირატესობა გააჩნია. თუმცა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი საკმარისი არ არის. დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე, კომპანიებს ინდივიდუალური სტრატეგია სჭირდებათ, რომელიც მათ ხელს შეუწყობს მიიზიდონ სწორი აუდიტორია და იყვნენ გამორჩეულები.
“ჩვენს სასტუმროებს, კვების ობიექტებსა თუ კომპანიებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ მაღალი დონის კონტენტი, შეთავაზება და კამპანიები ჰქონდეთ. მთავარია სწორი სტრატეგია და სწორედ ამაში ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და დახმარებას,” – განმარტავენ ისინი. “მეტი ინდივიდუალიზმია საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე მომხარებლის ყურადღება მიიპყრო. მხოლოდ კარგი ხარისხის პროდუქტი საკმარისი არ არის, აუცილებელია, სწორი პრეზენტირება და ამ ყველაფრის სწორ აუდიტორიამდე მიტანა.”
სოციალურ ქსელების ეფექტი უფრო და უფრო იზრდება, პოტენციურ მომხმარებლებს პირველი შთაბეჭდილებები შესაძლოა სწორედ სოციალურ ქსელებში არსებულმა პროფილებმა შეუქმნას. თვითონ ის ფაქტი კი, რომ ადამიანები სოციალურ ქსელებს უდიდეს დროსა და ენერგიას ახმარენ, ბიზნესებისთვის ერთდროულად გამოწვევა და შესაძლებობაა. “ინნ ჯორჯიაში” კარგად ესმით, რომ თანამედროვე მომხმარებელი ითხოვს მეტს, ვიდრე უბრალოდ კარგი პროდუქტი თუ სერვისია: “სოციალურ ქსელებში სწორი ოპერირება გვეხმარება იმიჯის შექმნაში. დღეს, აღარც სავიზიტო და აღარც დიდი ბეჭდური საინფორმაციო ბროშურები აღარ არის აქტუალური. მანახე როგორი გვერდები გაქვს სოციალურ ქსელებში და გეტყვი – როგორი კომპანია ხარ.”
ანა ზერაგია და სოფო ისაკაძე | ფოტოგრაფი: ნატატო ასანიძე
Inn Georgia განაგრძობს ზრადას და ამასთან ერთად ინარჩუნებს ღირებულებებს, რომელთა დახმარებითაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე.
კომპანია ვითარდება და კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ეს არ არის ტიპური, რიგითი ტურისტული სააგენტო. “ინნ ჯორჯიაში” სხვებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან, მუდმივად გაჩენილი ტენდენციების ფეხის აწყობით და აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნით, სოციალურ მედიაში პარტნიორების გავლენას ზრდიან და იყენებენ სტრატეგიულ მარკეტინგს, რომელიც ქართულ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას უკეთესობისკენ ცვლის.
როგორც სოფომ და ანამ გაგვიმხილეს, “ინნ ჯორჯიას” სამომავლო გეგმებს შორის საინტერესო პროექტებში ჩართვა, ახალ პარტნიორებთან დამეგობრება და გუნდში ენერგიული, მონდომებული ადამიანების შემოკრებაა. “გვაქვს რამდენიმე იდეა, რაც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ჩვენზე არაერთ სიახლეს გაიგებთ.”