Lyst Index-ის მომენტის ყველაზე განხილვადი ბრენდების სიის სათავეში მოულოდნელი ბრენდი მოექცა – Loewe-მ, ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით, გადაუსწრო პრადას, ვერსაჩეს და ბოტეგა ვენეტას. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი იტალიური სახლები მსოფლიოს გარშემო ბევრად მეტმა ადამიანმა იცის და იცნობს, ლუევეს პოპულარობა ონლაინ სივრცეში ძალიან სწრაფად იზრდება.

Lyst Index პოპულარული ბრენდების სიის შექმნისას ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა პროდუქტების ნახვები, გაყიდვები, მონიშვნები სოციალურ ქსელებში და სხვა. ბოლო სამი თვის განმავლობაში, ლუევესთვის ეს მაჩვენებლები 19%-ით გაიზარდა.

Loewe ენრიკე ლუევე როსბერგმა 1846 წელს ესპანეთში დააარსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდის სახლია მსოფლიოში. 1905 წელს, Loewe მეფე ალფონსო XIII-მ ესპანეთის სამეფო კარის ოფიციალურ მიმწოდებლად დაასახელა, რის შემდეგაც ბრენდი მსოფლიოში ტყავის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად იქცა, ხოლო 1996 წელს, ის მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა, LVMH-მა შეისყიდა. საინტერესო ფაქტი ბრენდის შესახებ “Loewe”-ს ეტიმოლოგიაა – როგორც ამას ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ლუევე გერმანული სიტყვაა და ლომს ნიშნავს.

ჯონათან ანდერსონი

ლუევეს პოპულარობა 2013 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ბრენდმა ირლანდიელი ჯონათან ანდერსონი კრეატიულ დირექტორად დანიშნა. ანდერსონი ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებულია და მოდის ინდუსტრიაში აღიარება საკუთარი ბრენდის დაარსების შემდეგ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონი და ლუევე LVMH-ის სხვა სახლებისგან განსხვავებით, ვარსკვლავებთან ნაკლებად თანამშრომლობენ, წლევანდელი წარმატება თითქმის სრულად უკავშირდება რიანას Superbowl-ის პერფორმანსსა და ბიონსეს Renaissance-ის მსოფლიო ტურის კოსტიუმებს.

გარდა ზემოხსენებულისა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ლუევეს 2023 წლის როგორც გაზაფხული/ზაფხულის, ისევე შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიც. გაზაფხული/ზაფხულის პიქსელების კოლექციას ინტერნეტში “Minecraft” შეარქვეს, ხოლო შემოდგომა/ზამთრის კოლექციას “Doll Collection”. Lyst-ის მიხედვით, ლუევეს ლოგოიანი თეთრი მაისური (რომელიც კაილი ჯენერს ეცვა) მომენტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია.

პოპულარობის ზენიტშია ბრენდის ორი ყველაზე მოთხოვნადი ჩანთა – Raffia Bucket Bag და Puzzle Bag, რომლებიც იდეალურად ეხმაურებიან მომენტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Quiet Luxury-ს ესთეტიკას.

BOF-ის მონაცემებით, საძიებო სისტემებში უპრეცედენტოდ გაზრდილია ძიება არა მხოლოდ ბრენდის ჩანთებზე, არამედ ე.წ. “dupe”-ებზეც.

Tags :