თუ მოდის ისტორიას გადავავლებთ თვალს, იმ მომენტიდან, როდესაც ევროპაში პირველი დიზაინერები გამოჩნდნენ და მოდამ, როგორც ინდუსტრიამ დაიწყო ფუნქციონირება, ის მკაცრ დოგმებში მოექცა. უკიდურესად ვიწრო ღირებულებათა სისტემა და სტანდარტები, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეს სფერო ეფუძნებოდა, დღეს უკვე მოძველებულად ჩანს, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი სამომხმარებლო რევოლუციაა, რომელსაც მოდაში „ზარას ფენომენიც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. რამდენად მიმზიდველადაც არ უნდა ჟღერდეს მიუწვდომელი და ექსკლუზიური ნივთის ფლობის იდეა, რომლის დამზადებასაც ხშირად თვეები და წლები სჭირდება, ადამიანებს გვაქვს ჩვენს კულტურაში გაბატონებული ტრენდების მაქსიმალურად სწრაფად ათვისების თანდაყოლილი სურვილი.
ეს მარტივი და ბუნებრივი გარემოება მოდაში ყველაზე ადრე და ეფექტურად სწორედ ზარამ გაიაზრა, თუმცა სანამ Zara-ს ბიზნეს სტრატეგიის განსაკუთრებულობას განვიხილავთ, რომელმაც ეს უკანასკნელი მსოფლიოში მასმარკეტის უპირობო ლიდერად აქცია, გავიხსენოთ ბრენდის ისტორია.
Zara დაფუძნდა ესპანეთში 1975 წელს
ის რაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში მცირე ბიუჯეტით დაიწყო. დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ ბერძნული ფილმის, “Zorba the Greek”-ის სიყვარულით, თავის წამოწყებას „ზორბა“ დაარქვა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ლა-კორუნიაში, მაღაზიასთან საკმაოდ ახლოს, უკვე არსებობდა ბარი იმავე სახელწოდებით, ორტეგამ მომხმარებელში დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ „ზორბა“ გახდა ZARA.
ორტეგა, რომელიც დღეს მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის სახელდება, ექსკლუზიური და მიუწვდომელი მოდის საპირისპირო მხარეს დადგა. მან ზარას პირველ მაღაზიაში, მოთხოვნადი ტრენდებისა და დიზაინების ხელმისაწვდომი ანალოგები განათავსა. ძვირადღირებული მაღალი მოდის ალტერნატიული ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1980-იან წლებში, „ზარა“ პატარა მაღაზიიდან ქსელურ ბიზნესად იქცა. ამანსიომ ნათლად დაინახა, რომ შესთავაზო მომხმარებელს ის, რაც სურს, სწრაფად, ეფექტურად და ხელმისაწვდომ ფასად, სწორი სტრატეგიაა, რომელშიც ინვესტირება ღირს.
„მომენტალური მოდა“
მაღალი მოდის ბრენდების უმრავლესობა კოლექციებს პოდიუმზე ერთი სეზონით (6 თვით) ადრე წარადგენს, გაყიდვაში კი, წარდგენიდან 6 თვის შემდეგ უშვებს. თავდაპირველად ზარაც ტრადიციული სისტემით მუშაობდა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა ტანსაცმლის წარმოების უკეთესი ალტერნატივა, თუმცა ორტეგას სურვილმა დაენერგა სიახლე, ის ტექნოლოგიების სპეციალისტ და ბიზნესმენ ხოსე მარია კასტელანოსთან მიიყვანა. 1980-იან წლებში, კასტელანო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. სწორედ მასთან კოლაბორაციით, ამანსიომ სამკერვალო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, ტანსაცმლის წარმოების დრო თითქმის ნახევარი თვით შეამცირა. შედეგად, 80-იანი წლების მიწურულს, ზარა იქცა ბრენდად, რომელიც ყველაზე სწრაფად რეაგირებდა უახლეს ტენდენციებზე. ამ მეთოდს, ორტეგამ “Instant Fashion” (მომენტალური მოდა) უწოდა.
სტრატეგია – “Bottom to Top”
მოდა მუდმივად იცვლება და ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ის, რაც დღეს ასოცირდება ტრენდულობასთან, ხვალ შეიძლება მოძველებული იყოს. მაღალი მოდის სახლები კი, მუდმივ წნეხში არიან – შექმნან ახალი ტრენდი. მათი სტრატეგია აზარტული თამაშის პრინციპს ჰგავს – ჯერ ქმნიან კოლექციას, ხოლო შემდეგ აკვიდებიან, იქცევა თუ არა ის ტრენდად. ამ მეთოდს მოდის ბიზნესში “Top to Bottom”-ის სახელით მოვიხსენიებთ. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ დიზაინერების გუნდი ჯერ დააკვირდება კულტურულ ძვრებს და საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს, ხოლო შემდგომ უპასუხებს მათ სურვილებს? „მომენტალური მოდის“ მეთოდის პრაქტიკაში წარმატებამ, ზარას სწორედ ამის შესაძლებლობა მისცა. შედეგად კი, შეიქმნა “Bottom to Top” მიდგომა, რომელმაც რისკები მინიმუმამდე შეამცირა. ზარა გახდა ადგილი, სადაც ყოველთვის, ნებისმიერ დროსა და სეზონზე, ტრენდული სამოსი იწარმოება.
ლიდერი მასმარკეტის და საცალო ვაჭრობის სეგმენტში
ინოვაციური ხედვით ზარამ საფუძველი ჩაუყარა „სწრაფი მოდის“ ფენომენს. მეტიც, ორტეგას მოდის იმპერიის გლობალურმა წარმატებამ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გზების გადახედვისკენ ძვირადღირებულ ბრენდებსაც უბიძგა. დაინერგა არაერთი ახალი მიდგომა, “Pre-Order, Buy Now,” “See Now- Buy Now” და ა.შ. მიზანი ერთი იყო – მყიდველებს კოლექციიდან სასურველი ნივთის შეძენა მისი წარდგენიდან მომენტალურად შეძლებოდათ და არა თვეების შემდეგ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდის ბიზნესის ლიდერებს მცდელობა არ დაუკლიათ, თუმცა ვერავინ შეძლო წარმოების, მიწოდებისა და ფასთა პოლიტიკის იმგვარად რეგულირება, როგორც ზარამ. ამასთან, დროთა განმავლობაში, პროფესიონალი დიზაინერებისა და სტილისტების ჩართულობით, ზარას კოლექციები უფრო დახვეწილი, მიმზიდველი და გემოვნებიანი ხდებოდა. შემოქმედებითი გუნდი ორიენტირებული იყო შეექმნა მოდა, რომელიც თანამედროვე და აქტუალურია, მაგრამ ინარჩუნებდა ელეგანტურ შტრიხებს.
ადამიანური რესურსისა და ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებით, ზარამ ყოველწლიურად 10,000 მეტი ახალი დიზაინის ჩამოყალიბება შეძლო, რაც ნიშნავდა იმას, პროდუქცია მაღაზიებში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდებოდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, Zara ოფიციალურად პოზიციონირდა, როგორც მასმარკეტის და საცალო ვაჭრობის უპირობო ლიდერი.
Zara და საქართველო
დღეისათვის ბრენდი 96 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო ონლაინ შეძენის სერვისი 64 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მათ შორის არის საქართველოც. აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში არა მხოლოდ ზარას ფიზიკური მაღაზიებია წარმოდგენილი, (მდებარეობს: სავაჭრო ცენტრებში “მერანი”, სითი მოლი, ისთ ფოინთი და თბილისი მოლი) არამედ შესაძლებელია ონლაინ გამოწერაც. ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კი, საქართველო პირველია, სადაც ზარას ონლაინ ყიდვის სერვისი დაინერგა.
Zara-ს საქართველოში ოპერირებას უწევს Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 20-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ათეულობით მაღაზიას წარმატებით წარადგენს.