
პარიზში გახმაურებულ დებიუტამდე რამდენიმე წლით ადრე, ახალგაზრდა იოჯი იამამოტო თავის მაშინდელ შეყვარებულ რეი კავაკუბოსთან ერთად ვივიენ ვესტვუდის და მალკოლმ მაკლარენის ლონდონში მდებარე მაღაზიას, პანკის ეპიცენტრ “SEX”-ს ესტუმრა. მიღებულმა გამოცდილებამ და ნანახმა სურვილი გაუჩინა უგულებელყო ყველაფერი, რაც კი მანამდე ესწავლა, რათა დასაბამი რაღაც ახლისთვის მიეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები განსხვავებულ შემოქმედებით გზებს მიუყვებოდნენ, ერთმანეთის საქმიანობის დაფასებისა და ურთიერთპატივისცემის დამსახურებით, გასული საუკუნის მიწურულს ვივიენ ვესტვუდი საზოგადოებას Yohji Yamamoto-ს პოდიუმზე მოევლინა.
“თუ კარგი დიზაინერი ხარ, სხვა კარგი დიზაინერის საქმიანობაც მოგწონს და აფასებ, რადგან შენგან განსხვავებულ რაღაცას აკეთებს და შენც სწორედ ეს მოგწონს,” – განუცხადა ბრიტანელმა დიზაინერმა ჟურნალ AnOther-ს 2018 წელს. “იოჯის შემოქმედება ხედვას და დიდ იდეას წარმოადგენს. მიყვარს იოჯი.”



Yohji Yamamoto შემოდგომა/ზამთარი 1998
ვივიენმა მოდელის ამპლუაში იაპონელი დიზაინერის ნამუშევრები 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგინა. მამაკაცის კოლექციის ჩვენებისთვის მან სამი ლუქი მოირგო და ჩვეული მანერით გამოხატა მეამბოხის განწყობა, რომელიც როგორც თავის, ისე იოჯის ფილოსოფიას და შემოქმედებას ახასიათებს.