
ფრანგულმა ტყავის ნაწარმის კომპანიამ Lancel-მა ისტორიულ მაღაზიაში, რომელიც პარიზის ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობს, გასულ კვირას წვეულება მოაწყო, რომლის ფარგლებშიც მათ ახალი ბრენდ ამბასადორი ლილი რეინჰარტი დაასახელეს.
რივერდეილის ვარსკვლავმა საღამოსთვის ვალენტინოს აბრეშუმის ვინტაჟური კოსტიუმი მოირგო, რომელსაც Lancel-ის “Ninon” შეუხამა. კამპანიის პირველ ფოტოებში რეინჰარტი სწორედ ამ ჩანთით პოზირებს. კამპანია პიტერ ეშ ლის გადაღებულია.



“ჩემთვის შეუძლებელია ვიმუშაო კომპანიასთან, რომლის სამოსს ან აქსესუარებსაც ვერ ჩავიცვამდი,” ამბობს მსახიობი WWD-სთან საუბარში. რაც შეეხება მისთვის ყველაზე სასურველ დიზაინებს, ლილი აღიარებს, რომ მას მინიმალისტური აქსესუარები მოსწონს, “ნამდვილი მინიმალისტი ვარ. ყოველდღიურობაში პატარა ჩანთებს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა სამოგზაუროდ დიდი ჩანთები მიყვარს.”
1876 წელს დაარსებული ბრენდი მშობლიურ საფრანგეთში დიდი პოპულარულობით სარგებლობს, თუმცა ამერიკულ ბაზარზე ის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ლილი რეინჰარტის დასახელებამდე მათი ყველაზე გახმაურებული კამპანია 2008 წელს იზაბელ აჯანის მონაწილეობით გადაღებული კამპანია იყო, მან მოდის სახლისთვის ჩანთის დიზაინიც შექმნა.


“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის უამრავი ბრენდია ნაცნობი და, რა თქმა უნდა, ლანსელის შესახებ ინფორმაცია მქონდა. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი რომ ის ასეთი პოპულარული იყო საფრანგეთში,” ამბობს ლილი, “ვაფასებ ბრენდის ისტორიას, ეს ძალიან შთამაგონებელია, ასევე, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო ჩემი და ლანსელის თანამშრომლობა.”
2018 წელს ლანსელი იტალიურმა მიკრო-კონგლომერატმა Piquadro SpA-მ შეისყიდა. ბრენდის მაღაზიები მას შემდეგ ჩინეთში, მალაიზიაში, ემირატებში, ხორვატიასა და საბერძნეთში გაფართოვდა, ხოლო ახალი გენერალური დირექტორის, ფრანჩესკო პეშის დანიშნვის შემდეგ, გაფართოვებები კიდევ იგეგმება. მისი განცხადებით, “დროა ლანსელს საერთაშორისო ბრენდ ამბასადორი ჰყავდეს” და რომ ეს მათი “საერთაშორისო ზრდის სტრატეგიის ნაწილია.”