UTA, იგივე United Talent Agency, ახლა უკვე რიკარდო ტიშისაც წარმოადგენს. “UTA მოხარულია ტიშისთან პარტნიორობის დაწყებით, რადგან ის თავისი უნიკალური ხედვისა და არტისტულობის დამსახურებით განაგრძობს კრეატიული ინდუსტრიის ფორმირებას,” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

რიკარდო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია. 1999 წელს ლონდონის Central Saint Martins-ში სწავლის დასრულების შემდეგ, მოდაში მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები Givenchy-ს მოდის სახლს უკავშირდება, სადაც 2005 წელს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და მუშაობდა როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებზე. 2018 წელს ამავე პოზიციაზე ის ბრიტანულ ბრენდ Burberry-ს გუნდს შეუერთდა, სადაც 2022 წლამდე დარჩა. იტალიელი დიზაინერი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Nike-თანაც და ამ წარმატებული კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი სპორტული ფეხსაცმელები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

რიკარდო ტიში © Hero Magazine

UTA ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში დაფუძნებული სააგენტოა, რომელიც გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე არტისტებსა და პროფესიონალებს 1991 წლიდან წარმოადგენს. სააგენტოს პარტნიორი ტალანტების სია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ სახელს მოიცავს, მათ შორის არის: ტიმოთი შალამე, კევინ ჰარტი, ბედ ბანი და ლიზო. რიკარდო ტიშისთან UTA თანამშრომლობას ყველა მიმართულებით გეგმავს.