ვინ, თუ არა რიანა შეძლებდა ჩაეცვა 25 კილოგრამიანი კვერცხის გულის ფერი მოსაცმელი მეტ გალაზე, რომლის გადასაადგილებლად 7 კაცის დახმარება იყო საჭირო? ან სრულად გამჭვირვალე სვაროვსკის ქვებით აწყობილი კაბა CFDA-ზე ამერიკის მოდის კერპის ჯილდოს მისაღებად?
რიანა: “ჩემი შიშველი მკერდი გაწუხებს? ის ხომ სვაროვსკითაა დაფარული!”

ყველაფერი 2011 წელს მელ ოტენბერგთან მუშაობით დაიწყო. რიანა მანამდე უბრალოდ წარმატებული Pop/R’n’B შემსრულებელი იყო, ხოლო მელი სტილისტი, რომელიც წითელ ხალიჩებზე არ მუშაობდა, თუმცა რიანას რისკზე წასვლის სურვილმა (და შესაძლებლობამ) მელსა და რიანას შორის დაამყარა კავშირი, რომელმაც სულ რაღაც სამ წელიწადში რიანას ამერიკის მოდის კერპის ჯილდოს მოუტანა.
“რიანასთან მუშაობაში საუკეთესო მომენტი მისი ინტელექტი და ინტუიციაა, რომლებსაც ის იდეალურ, უნაკლო არჩევანამდე მიყავთ.”, ამბობს მელი ვოგთან ინტერვიუში 2015 წლის მეტ გალას ლუქზე მუშაობაზე, “ძალიან მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ამას ვერც ერთ სხვა ადამიანთან ვერ გავაკეთებდი და ეს ყველაფერი მისი ინსტინქტების დამსახურებაა.”

შემდეგ იყო დიორი: პირველი შავკანიანი სახე ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლისთვის – (ისევ) ვინ, თუ არა რიანა?! Secret Garden IV კამპანიას მოჰყვა კოლაბორაცია, სტარ ტრეკით შთაგონებული სათვალეების კაფსულა-კოლექციის სახით, რომელსაც რა თქმა უნდა, თავად გაუწია რეკლამა (სათვალეები წინასწარი გაყიდვების პირველ სამ საათში ამოიყიდა).

2014 წელს რიანამ პუმა ჩაიბარა და გაყიდვები 92,2%-ით გაიზარდა. “ზოგჯერ, როცა ცნობილი ადამიანი ცდილობს შექმნას კოლექცია, შედეგი არც თუ ისე კარგი გამოდის. ხოლო ზოგჯერ შედეგი სასიამოვნოდ გაოცებს. რიანას მიერ შექმნილი ეს კოლექცია სწორედ მეორე შემთხვევაა.” ასე გამოეხმაურა ვოგი რიანას ჩვენებას პუმასთვის 2016 წელს, რომელიც პარიზში ჩატარდა. იმავე წელს პუმას “ქრიფერები” წლის ფეხსაცმელებად დასახელდა და რიანა გახდა პირველი ქალი დიზაინერი, რომელმაც ჯილდო საუკეთესო ფეხსაცმლის შექმნისთვის მიიღო.
წითელი ხალიჩის და პოდიუმების გარეთ რიანას ქუჩის სტილი ერთი ფრაზით შეიძლება აღიწეროს: “it’s ugly untill Rihanna decides it’s not.”

ფორბსმა რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დაასახელა. რიანას ქონება მეტწილად მოდას უკავშირდება. მოდის ყველაზე მსხვილმა კონგლომერატმა, LVMH – მა მომღერლის კოსმეტიკის ბრენდში 10 მილიონი დოლარი ჩადო, ასე შეიქმნა Fenty Beauty, რომლის ღირებულება ახლა 3 მილიარდი დოლარია. გაყიდვაში გამოსვლიდან პირველ რამდენიმე კვირაში Fenty Beauty – ს შემოსავალი 100 მილიონი იყო. მაკიაჟის ბრენდის შემდეგ, რიანამ საცვლების კომპანიაც დააანონსა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შოუ მოაწყო, სადაც თეთრეული ყველა ზომის, ფორმის, რასის ქალზე იყო წარმოდგენილი. 2019 წლის მაისში LVMH – მა რიანას ტანსაცმლის ბრენდიც გამოუშვა.
ბარბადოსელი გახდა პირველი ქალი, რომელმაც LVMH – ში ბრენდი შექმნა, პირველი ფერადკანიანი ქალი, ვინც LVMH – ში ბრენდს ხელმძღვანელებს და Fenty-პირველი ახალი ბრენდი გასულ 30 წელში, რომელიც LVMH – ის პატრონაჟით შეიქმნა.
2010-იანები რიანას ექსპერიმენტული მოდის წლებია და ეს დეკადა მისთვის ისეთივე რევოლუციონერის სტატუსის მომტანი გახდა, როგორიც იყო 80-იანებში მადონა.