თავიანთი მორიგი თანამშრომლობის ფარგლებში, Rick Owens და Birkenstock ახალი სეზონისთვის განახლებულ “Arizona,” “Rotterdam” და “Boston” მოდელებს წარმოგვიდგენენ.
“რიკ ოუენსი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის როლის შესრულებას აგრძელებს, მისი ხმა სრულიად უნიკალურია, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, როგორც არასდროს,” – აღნიშნავს Birkenstock-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი Oliver Reichert. “გვეამაყება ამ დამოუკიდებელ დიზაინერთან ასეთ დონეზე თანამშრომლობა.”
ოუენსს კოლაბორაციების მხრივ დატვირთული სეზონი აქვს. Veja-სა და Dr. Martens-თან თანამშრომლობის შემდეგ, Birkenstock-ისთვის თავისი მორიგი ნამუშევრის გამჟღავნების ჯერი დადგა.
Rick Owens x Birkenstock © Hypebeast
“ბირკენსტოკები ჯინსებს ჰგავს, ისინიც ფუნქციური და სექსუალურია. Birkenstock შესაძლოა ყველაზე სექსუალური ფეხსაცმელიც კი იყოს.”
Rick Owens, GQ (გერმანული გამოცემა)
გერმანული ფეხსაცმლის ბრენდისთვის ახალი კოლექციის შესაქმნელად ამერიკელი დიზაინერი Fritz Lang-ის და Cecil B. DeMille-ის ფილმებმა შთააგონა. მასზე გავლენა მოახდინა შავ-თეთრმა კადრებმა, რომლებიც იმ პერიოდის გლამურსა და მორალურ ღირებულებებს წარმოაჩენდა. “ყოველთვის წარმომედგინა, რომ მოციქულებს, რომლებიც თავიანთ მანტიებს მტვრიან ტაძრებში მიათრევდნენ, Birkenstock-ის სანდლები ეცვათ…” – ამბობს რიკი.
Rick Owens x Birkenstock © Birkenstock
ფეხსაცმელებზე ღვედები დაგრძელებულია და ამჯერად ოუენსმა მათ ბზინვარებაც შემატა. სამივე მოდელი მთლიანად შავ ფერშია წარმოდგენილი, რასაც ოუენსი ასე ხსნის:
“მინდოდა ყველაფერი შავი ყოფილიყო – ტყავიც და მეტალის დეტალებიც. ამ დატვირთულ, ქაოსურ და თვალისმომჭრელ მსოფლიოში, შავს ჩემი თვალებისთვის სუფთა და მკვეთრი გრაფიკული ფორმალობა მოაქვს.”
Rick Owens x Birkenstock – ის რიგით მესამე კოლაბორაციის გამოშვება 4 ივნისს იგეგმება. ფეხსაცმელების შეძენა შესაძლებელი იქნება Birkenstock-ის და Rick Owens-ის ვებ-საიტებზე, დიზანერის მთავარ მაღაზიებში და სხვა სავაჭრო ობიექტებში.