Rick Owens-ისა და Veja-ს თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. მას შემდეგ ამერიკელმა დიზაინერმა და ფრანგულმა ბრენდმა ერთობლივად შექმნილი ფეხსაცმელების არაერთი ვერსია შემოგვთავაზეს. ახლა კი ისინი თავიანთ ბოლო, მეხუთე რელიზს წარმოგვიდგენენ.

WWD-ს გამოქვეყნებულ სტატიაში Veja-ს თანადამფუძნებლის, სებასტიენ კოპის, განცხადებაში ვკითხულობთ:

“ორი წლის წინ ეს კოლაბორაცია ორივე ბრენდისთვის უცნაური ჩანდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიკ ოუენსს და მის გუნდს შევხვდით, გადავწყვიტეთ, ერთად მუშაობა გვეცადა. ჩვენ რიკ ოუენსის შეუდარებელი კრეატიულობა აღმოვაჩინეთ. ხუთი სეზონის განმავლობაში დიდი სიამოვნებით მივუყვებოდით შემოქმედებით პროცესს რიკ ოუენსთან და მის გუნდთან ერთად.”

Veja x Rick Owens © WWD

ამჯერად ოუენსის ჩართულობით Veja-ს “Hiking” და “Marlin” სნიქერები განახლდა. “Hiking,” რომელიც 225 დოლარად უკვე გაყიდვაშია, ხელმისაწვდომია შავში, ნაცრისფერსა და თაფლისფერში. რაც შეეხება “Marilin”-ს, მოდელი გაყიდვაში 290 დოლარად შავში, წითელში, მორუხო თეთრსა და მწვანე ფერებში 3 დეკემბრიდან გამოვა.

სასურველი მოდელის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთავსებულ Veja-ს და Rick Owens-ის ლოს ანჯელესში, მაიამისა და ნიუ-იორკში მდებარე მაღაზიებში. ასევე ისეთ საცალო მოვაჭრეებთან, როგორებიცაა: Saks, Bergdorf Goodman, Nordstrom და ა.შ.