2015 წელს რიანა Dior-ის პირველი ფერადკანიანი სახე გახდა. მას შემდეგ თითქმის ერთი დეკადა გავიდა და ამ ორ სახელს კვლავ მრავალი ჰედლაინი მიეძღვნა.

დღეს ფრანგულმა მოდის სახლმა ბარბადოსელი მომღერალი და ბიზნესვუმენი თავისი საკულტო სუნამოს, “J’Adore”-ს, ახალ სახედ წარადგინა. ამ დრომდე აღნიშნულ სუნამოს ორი ათწლეულის განმავლობაში რეკლამას მსახიობი შარლიზ ტერონი უწევდა.

WWD-ს ცნობით, რიანასა და Dior-ის მოდის სახლს შორის მორიგ პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მინიშნებები მათ შესაძლო კოლაბორაციაზე აქამდე არაერთხელ ვიხილეთ, მაგალითად, როდესაც რიანა 2022 წლის RTW კოლექციის ჩვენებას დაესწრო; უფრო ახლო წარსულში კი, როდესაც იანვარში გამართულ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ შოუს სანახავად მივიდა.

© Getty Images

“ეს სურნელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ვიცი და მიყვარს, ქალებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,” – განაცხადა რიანამ. “მოუთმენლად ველოდები, როდის შევუერთდები ამ თავგადასავალს და როგორ გავამდიდრებ მას ჩემი უნიკალური პერსპექტივით, პირადი ისტორიით, ჩემი ფესვებით და ასევე ჩემი კრეატიულობითა და ფემინურობით.”

მისი მონაწილეობით სტივენ კლაინის მიერ გადაღებული “J’Adore”-ს პირველი კამპანია 1 სექტემბერს გამოქვეყნდება.