მილანში Diesel-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების დღეს ბრენდის თანადამფუძნებელი რენცო როსო TFN-ს ესაუბრა. გამოცემის ცნობით, წარმატებული ჩვენებით განსაკუთრებით ბედნიერი სწორედ ის იყო და Diesel მომავლის მოდადაც მოიხსენია.
რენცო OTB-ის პრეზიდენტია, ჰოლდინგის, რომლის შემადგენლობაშიც Diesel-ის გარდა ასევე შედის: Maison Margiela, Marni, Jil Sander და Viktor&Rolf. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და €1.743 მილიარდი შეადგინა. OTB-ზე საუბრისას იტალიელმა ანტრეპრენერმა აღნიშნა: “ის სოლიდურ პოზიციაშია და მის შემადგენლობაში ყოფნა ასობით ბრენდს უნდა, მაგრამ მე მხოლოდ “მამაცებს” ვეძებ [OTB არის Only The Brave-ის (მხოლოდ მამაცი) აკრონიმი], განსაკუთრებით კი განსხვავებულ და უნიკალური იდენტობის მქონე ბრენდებს, როგორებიც ამჟამად ჩვენს პორტფოლიოშია. ახლა რაღაც ძალიან საინტერესოთი ვარ დაკავებული, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.”
მან ასევე თქვა, რომ ახლა თავის დროს თითქმის მთლიანად Diesel-ს უთმობს, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს. “ახლა შესანიშნავი პერიოდია. Maison Margiela-ს, Jil Sander-ის და Marni-ის მეშვეობით OTB-ის ფუფუნების სეგმენტი წარმატებით დამკვიდრდა, ახლა კი Diesel-ის პოზიციონირების განვითარებაზე ვმუშაობთ,” – განაცხადა მან. “მაგრამ Diesel არასდროს იქნება მდიდრული ბრენდი, ეს არც მსურს. მინდა, რომ ის ფუფუნების თანამედროვე ალტერნატივა გახდეს.”
Diesel შემოდგომა/ზამთარი 2023
ჩვენების ჩანაწერი