10 მაისს ბიონსემ Renaissance-ის საკონცერტო ტურნე დაიწყო. როდესაც ვარსკვლავმა ტურნე დააანონსა, მის ოფიციალურ არხებზე პოსტერი გამოქვეყნდა, რომელშიც ბიონსეა აღბეჭდილი. Მომღერლის იმიჯის მთავარი ნაწილი დისკო ბურთის ინსპირაციით შექმნილი ქუდია, რომლის მიღმაც არც ერთი ძვირადღირებული ბრენდი არ დგას. როგორც აღმოჩნდა, ეს ქუდი დამოუკიდებელი დიზაინერებისა და არტისტების პლატფორმა Etsy-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შექმნა. 

ხელნაკეთი ქუდის ავტორი 24 წლის ფილადელფიელი ები მისბინია. ები ე.წ ქოუბოის ქუდებს დამახასიათებელი დიზაინით 2021 წლიდან ქმნის. 

ახალგაზრდა დიზაინერმა ერთ დღეს ბიონსეს სტილისტისგან ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ქუდი ბიონსესათვის სჭირდებოდათ.  ქუდის შექმნისთვის დიზაინერს დაახლოებით ექვსი საათი სჭირდება. ბიონსეს პოსტერისათვის შეძენილ ნივთში ვარსკვლავის სტილისტების გუნდმა მას 215 დოლარი გადაუხადა.

პოსტერის გამოსვლის შემდეგ, ებიმ სოციალურ მედიაში ფოტო გამოაქვეყნა და გაამხილა, რომ ქუდი სწორედ მისი შექმნილი იყო. ამის შემდეგ დიზაინერის შეკვეთების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მას ქუდის დამზადებისათვის მშობლების დახმარება დასჭირდა.