გუჩის საყვარელი გოგო, ჰოლივუდის „ნეპო-ბავშვი“ , თუ გრეის 50 ელფერის ვარსკვლავი, მნიშვნელობა არ აქვს რას უწოდებთ დაკოტა ჯონსონს, ფაქტია, რომ ის ხალხს უყვარს და მათ ამის ბევრი მიზეზი აქვთ. ერთ-ერთი მთავარი – დაკოტას იუმორის გრძნობა და „უფილტრო“  ხასიათია, რომლითაც მან მილიონობით ადამიანის გული მოიგო.

33 წლის ვარსკვლავი ყოველთვის ხუმრობს ჰოლივუდზე, კოლეგებსა თუ სამსახიობო კარიერაზე, თუმცა რაც მთავარია, ის საკუთარ თავზეც ხშირად ხუმრობს. მაგალითად, 2016 წლის People Choice Awards-ზე, როდესაც მას ლესლი მანმა ჩახუტებისას კაბის ელვა გაურღვია. დაკოტამ სამადლობელო სიტყვა შემდეგი ფრაზით დაიწყო: „მგონი ლესლიმ კაბა გამიფუჭა, მაგრამ არაუშავს, აქ ჩემი მკერდი უკვე ყველას ნანახი აქვს.“ 

დაკოტას კიდევ ერთი დაუვიწყარი ხუმრობა არმი ჰამერს ეხება. შეგახსენებთ, რომ არმი ჰამერი ლუკა გუადანინოს ჰიტად ქცეულ ფილმში, “Call Me By Your Name”-ში ტიმოთი შალამესთან ერთად მონაწილეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც არმის სექსუალური ძალადობისა და კანიბალიზმის ბრალდებები წაუყენეს, მისი კარიერა ჩამოინგრა.

დაკოტას ლუკა გუადანინოს ორ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამიტომ, გასულ საღამოს, Sundance-ის ფესტივალზე, რეჟისორს საერთაშორისო Icon-ის ჯილდო სწორედ დაკოტამ გადასცა.  ჯილდოს წარდგენის სიტყვაში ჯონსონი არმი ჰამერს შეეხო:

„სამწუხაროდ, Call Me By Your Name-ში მონაწილეობა არ მიმიღია. ლუკამ მთხოვა ატმის როლი მეთამაშა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ვერ შევძელი. მადლობა ღმერთს, თორემ მე კიდევ ერთი ქალი აღმოვჩნდებოდი, რომლის შეჭმასაც არმი ჰამერი შეეცდებოდა.“

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბევრი გამოცემა, მათ შორის ვოგიც, დაკოტას ღიად ასახელებს პრესტიჟული დაჯილდოებისთვის სასურველ წამყვანად. თუმცა მიუხედავად ამისა, თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკვე მესამედ, “ოსკარების” წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება. დაჯილდოება 13 მარტს გაიმართება.