27 მარტს Telfar-ი გაყიდვაში ახალ კოლექციას გამოუშვებს, შემოთავაზებული პროდუქტების მუდმივ ფასს კი მყიდველები განსაზღვრავენ. რას ნიშნავს ეს?

გაყიდვის დაწყების მომენტიდან რაც უფრო სწრაფად ამოიწურება პროდუქტი მარაგში, სამომავლოდ მისი ფასიც უფრო ნაკლები იქნება – ეს Telfar-ის ახალი საფასო მოდელის მთავარი იდეაა, რაც ეწინააღმდეგება საცალო ვაჭრობის ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც თუ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, პროდუქტის ღირებულებაც უნდა გაიზარდოს. ამერიკელი დიზაინერის მიზანია მოდა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

Telfar-ის ვებგვერდზე ნივთების გაყიდვა საბითუმო ფასად დაიწყება, რაც, როგორც წესი, საცალო ფასის ნახევარს შეადგენს. მათი ღირებულება ყოველ წამს მოიმატებს და ეს მანამდე მოხდება, სანამ სრულად არ გაიყიდება. თუკი ღირებულება მაღაზიაში გასაყიდ მაჩვენებლამდე ავა, ფასის ზრდა შეწყდება. ამ მიდგომით განისაზღვრება პროდუქტის მუდმივი ღირებულებაც – სამომავლოდ მსურველებს მის შესაძენად იმდენის გაღება მოუწევთ, რამდენიც მარაგის ამოწურვისას გადაიხადეს.

ასეთი ფორმით მომხმარებლების მიერ ფასის დადგენა არის სრულიად ახალი მიდგომა, რომელსაც დიზაინერი პირველად გამოცდის. ექსპერიმენტული Telfar Live 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კოლექცია მხოლოდ ტანსაცმელს მოიცავს და Telfar-ის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის – ჩანთის ნაკლებ ფასად შეძენას არ უნდა ველოდეთ. მაშინ როდესაც, Edited-ის ცნობით, მდიდრულმა ბრენდებმა 2019-დან 2022 წლამდე ფასები 25%-ით გაზარდეს, Telfar-ის პოპულარული აქსესუარის საცალო ფასი კვლავ იმავეს შეადგენს, რამდენსაც 2014 წელს: მინი ვარიანტის ღირებულება $150-ია, დიდის კი – $257. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადამყიდველები ხშირად უნისექს ჩანთის ამ დიზაინს გაცილებით მაღალ ფასად ყიდიან, რაც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ბრენდს სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ღირებულება, რაც მოთხოვნაზე უარყოფითად არ აისახება.