Saint Laurent-ისა და ქეით მოსის მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება – 49 წლის სუპერმოდელი ფრანგული მოდის სახლისთვის ენტონი ვაკარელოს კრეატიული დირექტორობით შექმნილ კოლექციას კიდევ ერთხელ უწევს რეკლამას.

2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიისთვის ქეითი გრეი სორენტიმ გადაიღო. შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც დღეს Saint Laurent-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, ის მინიმალისტური მაკიაჟითა და ბუნებრივი იერით, შავ ცალმხრიან კაბაში გამოწყობილი და ბრენდის სამკაულებით დამშვენებული არის აღბეჭდილი. გადაღებაზე სტილისტად პოლ სინკლერმა იმუშავა, ვიზაჟისტად – კარინ ვესტერლანდმა, თმის სტილისტად კი – დაფიმ.

1990-იანი წლებიდან ქეითი Saint Laurent-ის პოდიუმსა და კამპანიებში ტომ ფორდის, სტეფანო პილატის თუ თავად ლეგენდარული ივ სენ ლორანის დროს მუდმივად ჩნდებოდა. განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის მქონე დიზაინერების ცვლილების მიუხედავად, სამი ათწლეულის განმავლობაში მან შეძლო განესახიერებინა თითოეული მათგანის ოცნებები და მოდის სახლისთვის კვლავ სასურველ სახედ დარჩენილიყო.