სოციალური ქსელები ახალი არტისტების და საინტერესო პროექტების აღმოჩენისათვის კარგი საშუალებაა. დღეს უკვე აღარ არის აუცილებელი, რომ სახელოვნებო სივრცეებმა და შესაბამისმა პლატფორმებმა წარადგინონ საინტერესო ვიზუალური ნამუშევრები, რადგან ციფრულ სამყაროში შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, საკმაოდ შთამბეჭდავ ნამუშევარს გადააწყდეთ.

ამჯერად ჩვენი ყურადღება ქართველი ფოტოგრაფისა და ვიზუალური არტისტის ფოტო სერიამ მიიპყრო. @faces_and_skins ინსტაგრამის ანგარიშია, რომელზეც საკმაოდ ორიგინალური შინაარსისა და დამახასიათებელი ვიზუალური ესთეტიკის ფოტოსერია გამოქვეყნდა. ფოტოებში ქართული ნაციონალური სამოსის სხვადასხვა მოდელია აღბეჭდილი, რომელთა სხეულად ტანსაცმლის, ან ფეხსაცმლის საკერავი მანქანების კორპუსები იქცა. აღსანიშნავია, რომ ვიზუალური ნამუშევრების ავტორი, ანრი შარაშენიძე (@Anrisha) თანამედროვე ფოტოგრაფია, რომელსაც გამორჩეული კონცეფციის არაერთი კამპანია, საავტორო, თუ კომერციული ფოტოპროექტი აქვს გაადღებული.

„თავიდან იყო სერია Machines Faces – ქართული ბრენდის, Levanto-ს ფეხსაცმლის საწარმოში საკერავი მანქანების ფოტოებს ვიღებდი. ძირითადად დეტალების ფოტოები იყო – დეტალების, რომლებიც ადამიანის სახის და ნაკვთების ასოციაციას იწვევენ. თუ დავაკვირდებით, ამ მანქანებს ემოციებიც აქვთ – ზოგიერთი თითქოს გაკვირვებულია იმით, რასაც ხედავს. შემდეგ ნაციონალური სამოსის გადაღება მქონდა და საბოლოოდ ეს იდეა გაჩნდა – კოსტიუმებმა თავისთავად შეიძინა სხეული“ – @faces_and_skins (Anrisha)

ნანახმა ვიზუალებმა სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს და ყველა დამთვალიერებელმა განსხვავებულად აღიქვას. ამ ფოტოების ესთეტიკამ და განწყობამ შესაძლოა პოსტაპოკალიფსური სამყაროს ასოციაცია გამოიწვიოს, Love Death & Robots, „მეხუთე ელემენტის„ დისტოპიური სამყარო ან Dune-ის კოსტიუმების დიზაინი გაგახსენოთ. ან თუნდაც წარმოვიდგინოთ როგორი იქნებოდა ქართული ტრადიციული სამოსის სახე, ის სტიმპანკის ჟანრის ფილმში რომ გვენახა.

დაათვალიერეთ ფოტო სერია:

© Faces & Skins/IG
© Faces & Skins/IG
© Faces & Skins/IG
© Faces & Skins/IG
© Faces & Skins/IG
© Faces & Skins/IG
Tags :