ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-8 ივლისს არის დაგეგმილი, ბრენდებს ფიზიკური ჩვენებების ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გამართვის საშუალება მიეცემათ. ინფორმაციას პარიზის მოდის კვირეულის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი FHCM ადასტურებს.
უკვე გამოქვეყნდა იმ დიზაინერების და ბრენდების სია, რომლებიც ივლისში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას. კალენდარში კარგად ნაცნობ წევრებთან ერთად, რამდენიმე ახალ სახელსაც ვხედავთ, მათ შორისაა ბრენდი – Pyer Moss. ქერბი ჟან-რეიმონდი პირველი აფრო-ამერიკელი დიზაინერია, რომელიც ფრანგული მოდის ფედერაციამ ოტ კუტიურში მიიწვია.
ცოტა ხნის წინ , ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში, ქერბი ნიუ-იორკის მოდის კვირეულსაც დაუბრუნდება, სადაც მონაწილეობა უკვე 2 წელზე მეტია არ მიუღია. ეს ყველაფერი კი, იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ აფრო-ამერიკელ დიზაინერს წინ მნიშვნელოვანი თვეები ელის.
“ყველა შოუსთვის, რომელსაც ვაკეთებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ შესაძლოა ჩემი ბოლო იყოს. არის მომენტები, როდესაც მართლა ასე ვგრძნობ. მხოლოდ იმიტომ, რომ შოუს გაკეთებაზე უარს ვამბობ, სანამ სათქმელი არ მექნება, მას სეზონზე არ ვაფუძნებ. მიზანი აუცილებლად უნდა იყოს, მიღმა მიზეზი უნდა არსებობდეს” – ქერბი ჟან-რეიმონდი.
რეიმონდმა Pyer Moss 2013 წელს შექმნა, როგორც ექსპერიმენტული არტ – პროექტი. საერთაშორისო ყურადღება 2016 წელს მიიქცია, როდესაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, თავისი კოლექციებით, ამერიკაში პოლიციის სისასტიკეს და აფრო-ამერიკელთა უფლებებს შეეხო. გახმაურებული სეზონების შემდეგ, ქერბიმ რამდენიმე მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა, მათ შორის ერთ-ერთი Reebok – თან. 2018 წელს ქერბი ჯინ-რეიმონდი მოდის ინდუსტრიის 500 გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა.