Adidas-ის “სუპერსტარზე” Prada-ს ლოგო პირველად 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა, რაც ხმაურიანი თანამშრომლობის დასაბამი იყო, რომელიც წელს ახალ ფაზაში გადავიდა.

ამჯერად ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრენდები სამოსის ერთობლივად შესაქმნელად გაერთიანდნენ. ისინი მდგრადობაზე კონცენტრირდნენ, შედეგად კოლექციაში გამოყენებული მასალა არის – ‘Re-Nylon,’ რომელიც პრადას მოდის სახლისთვის უმნიშვნელოვანესი ქსოვილის, ნეილონის, ერთგვარი მდგრადი ევოლუციაა.

“ამ პარტნიორობაში მთავარი მხოლოდ პროდუქტი არ არის: მას ფილოსოფიური დატვირთვა აქვს,” – ამბობს ლორენცო ბერტელი, Prada Group-ის მარკეტინგისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განყოფილებების ხელმძღვანელი. “პრადაში ჩვენი ღირებულებები ხალხს, პლანეტასა და კულტურას ეფუძნება და ამ იდეოლოგიას ადიდასიც იზიარებს. ბოლო კოლექცია ადიდასთან ასოცირებულ ტექნიკურ ინოვაციას და სპორტული სამოსის წარმოდგენის ბუნებრივ ცოდნას პრადას ფუფუნების ხედვასთან აერთიანებს — თუმცა მისი სათქმელი უფრო მეტია. ის ფუფუნების ჩვენეულ აღქმას, მომხმარებლების ცნობიერებაში მიმდინარე ცვლილებებსა და ზოგადად მსოფლიოში არსებულ ძვრებს უკავშირდება. ის მოლოდინებსა და მომავალზე ფიქრს შეეხება.”

იტალიაში დამზადებული კოლექცია სპორტული სტილის ქურთუკებს, ორეულებს, სვიტერებს და ქუდებს მოიცავს. ისინი შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და თითოეულ მათგანზე გვხვდება როგორც ადიდასის ზოლები, ისე პრადას სამკუთხა ლოგო. ტანსაცმლის გარდა Prada x Adidas ფეხსაცმელებსა და ჩანთებსაც გვთავაზობს.

კოლექცია გაყიდვაში 13 იანვრიდან გამოვა.