Prada-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაცის კოლექციის პრეზენტაციის მოსაწვევი ქაღალდის ქურთუკს და პერანგს წარმოადგენდა. ასევე ქაღალდს მიენიჭა მთავარი ფუნქცია ჩვენების სივრცის გაფორმებაში – ყველაფერი დაწყებული კედლებიდან, დამთავრებული ფარდებით მისი გამოყენებით იყო გაკეთებული. რაფ სიმონსისა და მიუჩია პრადას მორიგი საერთო კოლექცია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიამ სწორედ ასეთ არაორდინალურ გარემოში იხილა.
შოუზე წარმოდგენილი იყო კლასიკური კოსტიუმები, მოკლე ტყავის შორტები, რომლებსაც ელვა შესაკრავები აფორმებდა, ფერადი ზოლიანი სვიტერები, ტყავის ქურთუკები, ჯინსის სამოსი, მხარზე გადასაკიდი დიდი ზომის ჩანთები, მაღალყელიან წინდებთან ჩაცმული ჩექმები. მიმდინარე სეზონზე შემოთავაზებული რაფის და მიუჩიას არაერთი იდეა მათი არქივიდან უკვე კარგად ნაცნობია, მაგალითად, გინგემის პრინტიანი ახალი ქურთუკები Prada-ს 2013 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას გაგვახსენებს. მართალია ჩვენებიდან ბევრი რამ ე.წ. გარდერობის ნივთებს წარმოადგენს, თუმცა მათზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ისინი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოყენებული და აღქმული. კოლექციის მთავარი იდეაც ამაში მდგომარეობს და მას დიზაინერებმა “არჩევანი” უწოდეს.



Prada გაზაფხული/ზაფხული 2023 © Vogue Runway
Prada-ს ახალ კოლექციაზე საუბრისას რაფმა განაცხადა: “ჩვენ “ნორმალური” სამოსის იდეამ მიგვიზიდა – კლასიკური ელემენტების, არქეტიპების, გარდერობის. თუმცა სხვადასხვა მასალის გამოყენებით დამზადებული ერთი და იგივე სამოსის ენა სრულიად იცვლება; სხვაგვარად ფუნქციონირებს. ხოლო მისი შეხამება სხვა ტანსაცმელთან მას ისევ ცვლის. ყოველი სამოსი უბრალო, პირდაპირი, წმინდაა, მაგრამ კომბინაციებსა და კონტექსტში კომპლექსურობა იჩენს თავს. კლასიკური ტანსაცმლის განსხვავებულად აღქმას შეხამება განაპირობებს, რაც მას ამაღელვებლად და ახლებურად წარმოაჩენს. ტყავით დაფარული სხეული, ზემოდან კი კოტონი – არსებობს სამოსთან მიმართებით გამოვლენილი ერთგვარი ალოგიკური კომბინაცია, უცნაურობა. ტანისამოსში გამოუცდელობისა და დახელოვნებულობის კომბინაციაც მნიშვნელოვანია. კლასიციზმსა და სპონტანურობას შორის არსებულ კონტრასტს მგრძნობელობამდე, ემოციამდე მივყავართ.”



Prada გაზაფხული/ზაფხული 2023 © Instagram / Prada
მიუჩიამ კი აღნიშნა: “ეს კოლექცია უბრალოებას წარმოადენს, როგორც კონცეფციას, არჩევანს. ჩვენ დაგვაინტერესა მოდური პროდუქტების იდეამ, ტრენდების ცნებამაც. ჩვენ მოვისურვეთ, გვეჩვენებინა სამოსი, რომელსაც ხალხი მართლა ჩაიცვამდა, თუმცა მას ეფექტი ექნებოდა. ჩვენთვის ახლა ეს არის მოდა. ძალიან ბევრი რამ, რაც საბაზოა რეალურად კონცეფტუალური არჩევანია – ქურთუკი, ჯინსი, კოსტიუმი. ისინი თითქოს უბრალოა, თუმცა პროცესის, არჩევანის შედეგია – ასობით ქურთუკი არსებობს, რატომ მაინდამაინც ეს? ეს დიზაინის და გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივი პროცესის კომბინაციაა, შემდეგ კი – ინსტიქტის. ყველაფერი სტილზეა დამოკიდებული.”

მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი ჩვენების ბოლოს © Numéro
Prada-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაცის კოლექციის ჩვენება