გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, Prada აფრიკელი ქალებისთვის სასწავლო პროგრამას იწყებს. აღნიშნული ინიციატივა მხარს უჭერს განასა და კენიაში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ ინკლუზიურობას.

UNFPA-ს და Prada Group-ის პარტნიორობა ფორმალურად 2021 წელს დაიწყო. მათ საერთო ძალისხმევით შეიმუშავეს პროგრამა, სახელწოდებით – “მოდის გამოხატულებები: ისტორიები, რომლებსაც ის იცვამს,” რომელიც მიზნად ქალებისთვის მოდასთან დაკავშირებული პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მიცემას ისახავს, რათა ამ სფეროში დასაქმება შეძლონ.

ექვსი თვის განმავლობაში, გოგონებს და იმ ქალებს, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან, გამოუცდიათ ჩაგვრა თუ ოჯახის წევრის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირე, საშუალება ექნებათ დაეუფლონ მოდის ტექნიკებისა და ბიზნესის ცოდნას.

სწავლება ორიენტირდება ადგილობრივ სტილებზე, გადამუშავებულ მოდაზე, ტექსტილის ტრადიციულ დიზაინზე და ფინანსურ საკითხებში გარკვევაზე. კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები ჩვენების სახით თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დაუკავშირდნენ ადგილობრივ კომპანიებს, დაიწყონ სტაჟირება და გაუჩნდეთ ხანგრძლივი დასაქმების პერსპექტივები. პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყობა საგანმანათლებლო სესიები, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე კონცენტრირდება. გოგონები და ქალები ასევე მიიღებენ დამატებით ინფორმაციას თუ როგორ აიცილონ თავიდან გენდერული ნიშნით ძალადობა და როგორ დაიცვან მისგან თავი.

“პროექტის მიზანია მოდის სოციალურ და ეკონომიკურ ძალაზე დაყრდნობით ქალების გაძლიერების, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა,” – აღნიშნულია Prada-ს განცხადებაში.