წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დებიუტი მოდაში – პიტერ ჰოკინგსი Tom Ford-ის ახალ კოლექციას მილანში, სექტემბერში წარადგენს. ჰოკინგსი ტომ ფორდის შემოქმედებით ხელმძღვანელად აპრილში დაინიშნა და თუ ქალაქის არჩევანის მიხედვით ვიმსჯელებთ, ბრენდში დიდი ცვლილებების პერიოდი კვლავ გრძელდება. ტრადიციულად, Tom Ford ჩვენებებს ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში მართავდა, თუმცა როგორც ჩანს, “ესტე ლაუდერის” მფლობელობაში, ის ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებს.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო Tom Ford-ის კრეატიული დირექტორი და რომ მომეცა უნიკალური შესაძლებლობა, დავწერო ახალი თავი ბრენდის ისტორიაში,” – განაცხადა ჰოკინგსმა პრეს რილიზში, “იტალიური სამოსის შექმნის ოსტატობა ჩვენი კოლექციების ერთ-ერთი მთავარი შთაგონებაა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია წარვადგინოთ ახალი კოლექცია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.”

მიუხედავად ამერიკასთან ღრმა კავშირისა, Tom Ford ყოველთვის პოზიციონირდებოდა, როგორც გლობალური ლაქშერი ბრენდი, ამიტომ მილანში გადანაცვლება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უსვამდეს ხაზს. რაც შეეხება თავად ტომს, ის და მისი აღმასრულებელი დირექტორი, დომენიკო დე სოლე წლის ბოლომდე რჩებიან ბრენდში, როგორც მრჩეველები, რათა დაეხმარონ ჰოკინგსს სადებიუტო კოლექციის წარდგენაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ პიტერ ჰოკინგსმა მოდაში კარიერა 1998 წელს, იტალიაში, Gucci-ში დაიწყო, როდესაც კრეატიული დირექტორი სწორედ ტომ ფორდი იყო.