თანამედროვე ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წარმომადგენელი ჰელმუტ ლენგის დაარსებულ საკულტო მოდის სახლს კრეატიული დირექტორის ამპლუაში უერთდება. პიტერ დო ახალ თანამდებობას 15 მაისიდან დაიკავებს.

“მოხარულები ვართ, რომ პიტერ დო Helmut Lang-ს კრეატიული დირექტორად უერთდება,” – განაცხადა Helmut Lang-ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დინეშ ტანდონმა. “დიზაინის მიმართ მისი მკაფიო და ინოვაციური მიდგომა ბრენდის ეთოსსა და მემკვიდრეობასთან თანხვედრაშია. მდიდრულ მოდის სახლებში და საკუთარ ბრენდში მიღებული გამოცდილება მას ამ როლისთვის ბუნებრივ არჩევანად აქცევს.”

პიტერ დო / ფოტო: მარიო სორენტი

თავად პიტერი თავისი ახალი პოზიციის შესახებ ამბობს, რომ ამას დიდ პატივად მიიჩნევს და მისთვის ამაღელვებელია მოდის სახლის მემკვიდრეობის შესწავლა და ახალი, ენერგიული სამოსის შექმნა. “რადიკალურ აზროვნებას არავინ განასახიერებდა ისე გადაჭრით, როგორც ჰელმუტ ლენგი,” – აღნიშნა დიზიანერმა. 

პიტერმა თავისი სახელობის ბრენდი 2018 წელს შექმნა და ინდუსტრიაში ამომავალი ვარსკვლავის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 2014 წელს ნიუ-იორკის Fashion Institute of Technology-ს დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად დაარსებული კონკურსის, LVMH Prize-ის, გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც Celine-ში ფიბი ფაილოს დაქვემდებარების ქვეშ დაიწყო მუშაობა. სამუშაო გამოცდილება ასევე მიღებული აქვს Derek Lam-ში.

Helmut Lang-ში ის პასუხისმგებელი იქნება ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე. ამ მოდის სახლისთვის შექმნილ თავის სადებიუტო კოლექციას კი 2023 წლის მიწურულს, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგენს.