2019 წელს, მას შემდეგ, რაც რაფ სიმონსმა კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა, Calvin Klein Collection დაიხურა. ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ, მაღალი მოდის ბრენდი ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას.

ქელვინ ქლაინმა აღნიშნული ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ვერონიკა ლეონი წარადგინა, რაც 2025 წლისთვის ბრენდის პოდიუმზე დაბრუნებასაც მოასწავლებს.

ვერონიკა თავისი ახალი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება. ის პასუხისმგებელი იქნება ქალისა და კაცის სამოსზე და საცვლებისა და აქსესუარების კოლექციებზე. Calvin Klein-ისთვის მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილ სადებიუტო ნამუშევრებს საზოგადოება 2025 წლის შემოდგომის სეზონზე იხილავს.

ვერონიკა 2023 წლის LVMH Prize-ს ფინალისტი და Quira-ს დამფუძნებელია. მისი რეზიუმე ისეთ ბრენდებს მოიცავს, როგორებიცაა: Jil Sander, Celine და Moncler. ბოლოს ის The Row-ში იკავებდა ქალისა და მამაკაცის სამოსის დიზაინ დირექტორის თანამდებობას. აღსანიშნავია, რომ ვერონიკა იქნება პირველი ქალი, ვინც Calvin Klein Collection-ის კრეატიული დირექტორის როლს მოირგებს.