კრისტიან ლუბუტანის ფეხსაცმელების ფლობაზე ყველა ქალს ერთხელ მაინც უოცნებია. უამრავი ისტორია წაგვიკითხავს იმის შესახებ, თუ რა ხდება ძვირადღირებულ მაღაზიებში, როდესაც Christian Louboutin-ის საკულტო მოდელებზე ფასდაკლებები იწყება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია “Pigalle“, რომელიც ქალბატონებში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ფეხსაცმელი, რომელიც კრისტიანმა 2004 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგინა და მას შემდეგ, მის ყველა კოლექციაში ფიგურირებს. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, “Pigalle“ ერთადერთი მოდელია, რომელსაც თავის ყველა პროექტში წარადგენს. სახელწოდება ლუბუტანის საყვარელი უბნიდან მომდინარეობს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში მდებარეობს.

ფეხსაცმლის თავდაპირველი დიზაინის ქუსლის სიმაღლე 11 სანტიმეტრს შეადგენდა, თუმცა კომერციული წარმატების შემდეგ, ფრანგმა დიზაინერმა მოდელის არაერთი განსხვავებული ვერსია გამოუშვა, მათ შორის შედარებით დაბალი ქუსლით. წლების განმავლობაში, ხშირად იცვლებოდა ფერებიც, თუმცა მყიდველებში შავი ფერის დიზაინმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ შავი “Pigalle“ , წითელი ძირით, გახდა კრისტიან ლუბუტანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი ფეხსაცმელი.

2011 წელს, Christian Louboutin დასახელდა ფეხსაცმლის ბრენდად, რომელსაც ინტერნეტში ყველაზე ხშირად ნახულობდნენ. სტატისტიკამ აჩვენა,რომ ყველა სხვა დიზაინთან შედარებით, “Pigalle“-ს ყველაზე მაღალი ძიების შედეგი ჰქონდა. ამ ფაქტმა მოდელის საკულტო სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა, ვინაიდან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ნივთი ხდება ტრენდული, თუმცა რამდენიმე სეზონში კარგავს აქტუალობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუბუტანის ამ ფეხსაცმელმა დროს გაუძლო და 2014 წელს, 10 წლის განსაკუთრებული იუბილის აღნიშვნაც დაიმსახურა. ბრენდმა “Pigalle“-ს შექმნა და გაყიდვაში გამოშვება სოციალურ მედიაში დიდი კამპანიით აღნიშნა.