
სიახლე იმის შესახებ, რომ ფიბი ფაილო LVMH-თან თანამშრომლობით, საკუთარ ბრენდს ქმნის, 2021 წელს გავრცელდა. მას შემდეგ, მოდის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ დამატებით ინფორმაციას.
თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ინგლისელმა დიზაინერმა პირველი კოლექციის გამოსვლის დრო დაასახელა – 2023 წლის სექტემბერი.
ფიბი ფაილო აღიარებულია, როგორც გასული ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი დიზაინერი. ფიბიმ პირველად ყურადღება Chloé-ში მოღვაწეობისას მიიპყრო, თუმცა მისი კარიერული აპოთეოზი Céline-ში, 2008 წელს დაიწყო. სელინის აქსესუარებისა და ტანსაცმლის თაყვანისმცემლები იყვნენ ყველა, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები და სოლიდური გამოცდილების მქონე ადამიანები. ფიბის საიდუმლო მისი დიზაინის უბრალო, თუმცა გენიალური ვიზუალი იყო. ინტელექტუალური მოდის მოყვარულებს ესმოდათ, რომ ფიბის Céline არ იყო უბრალოდ ტრენდი ან მომენტი, ეს იყო მარადიული მოდა, რომელიც სცდებოდა ნებისმიერ დროის მონაკვეთს და მათ გარდერობში სამუდამოდ დარჩებოდა. მოსალოდნელია, რომ ბრენდი Phoebe Philo-ს იდენტობაც ხსენებული ფასეულობების გათვალისწინებით შეიქმნება.